ანრი ოხანაშვილი - პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა, ეს არის სწორედ საზოგადოების წინაშე დემონსტრირება, რომ ჩვენთვის უმთავრესია ხალხი, ვინაიდან სწორედ ის ირჩევს ხელისუფლებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა, ისაუბრა რეფორმებზე, სამომავლო გეგმებზე, ეს არის სწორედ საზოგადოების წინაშე დემონსტრირება, რომ ჩვენთვის უმთავრესია ხალხი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ რეფორმებსა და ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც განხორციელდა მისი პრემიერ-მინისტრად წარდგენის დღიდან.
„ასევე ისაუბრა იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც უკავშირდება მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობას, სოციალურ მდგომარეობას და „ქართული ოცნების“ გუნდის 10-წლიან გეგმას. ეს არის სწორედ საზოგადოების წინაშე დემონსტრირება, რომ ჩვენთვის უმთავრესია ხალხი, ვინაიდან სწორედ ხალხი ირჩევს ხელისუფლებას და ხელისუფლების წყარო არის სწორედ ხალხი.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, ყოველთვის გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია მასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითი, რომ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ეს ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური, თუ ეკონომიკური მიმართულება, წინასწარ არის მიწოდებული საზოგადოებისთვის და ყოველ ჯერზე მისი განხორციელების ეტაპების შესაბამისად დეტალურად მიეწოდება საზოგადოებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
კითხვაზე, მისაღები იყო თუ არა მისთვის ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა ოპოზიციასთან დაკავშირებით, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რასაც ოპოზიცია აკეთებდა, იყო ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების სრული უფლება აქვთ, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრს.
„ოპოზიცია როგორც იქცეოდა, ამას ერქვა პარლამენტის საბოტაჟი. ეს მხოლოდ ჩვენ მიერ კი არა, საერთაშორისო დოკუმენტშიც არის ჩაწერილი და ეს სავსებით ნორმალურია, რომ კონკრეტული ქმედება შეფასდა როგორც საბოტაჟი, რასაც აკეთებდნენ, თვითონაც აღიარებენ ამას. ის, რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს იყო ძირის გამოთხრა დემოკრატიისთვის. ამიტომ პოლიტიკური შეფასების სრული უფლება გვაქვს, განსაკუთრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.