ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის, წარსულს ჩაბარდა
პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის, წარსულს ჩაბარდა, ვინმეს თუ ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას, ამის უფლებას არავის მივცემთ, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებების კომენტირებისას.
„საქართველოს პარლამენტის წევრობა ინდულგენცია არ არის. ეს მაგალითი და სახეა, როგორ უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ კანონი და როგორ უნდა სცეს პატივი ქვეყნის კონსტიტუციას. ამიტომ, პარლამენტის ყველა წევრს ვურჩევ, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად მოუწევს ყველას მოქმედება. პოლიტიკური ხულიგნობის დრო საქართველოში არ არის, ეს წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად, ვინმეს თუ ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველა პატივს ვცემთ სამართლებრივ სახელმწიფოს და პატივს ვცემთ იმ წესებს, რომელიც ქვეყანაშია, ამის უფლებას არავის მივცემთ.
იმედია, ყველა გონს მოეგება და იმოქმედებს არა ვინმეს ინტერესის, არამედ კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. თუ ვინმეს გონია, რომ კანონზე მაღლა დგას, ეს ასე ვერ იქნება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა. როგორც პროკურატურის პასუხად, ნიკა მელიამ განაცხადა, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება და თუკი თვლიან, რომ დასაჭერია, მაშინ 2 ნოემბერსაც უნდა დაეჭირათ, რადგან მათი გადმოსახედიდან, კანონი დაარღვია.