ანრი ოხანაშვილი - „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი
ჩვენ „პატრიოტთა ალიანსთან“ არანაირ თანამშრომლობას არ განვიხილავთ, ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ყოველთვის ვიყავით და ვართ თანმიმდევრულნი. „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება ისეთი ინტერესის მატარებელი ჯგუფი, რომელიც არ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის მიესალმება სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებასთან დაკავშირებით.
ოხანაშვილის განცხადებით, გასარკვევია, პარლამენტის წევრები როგორ აღმოჩნდნენ ოკუპირებულ აფხაზეთში.
მისივე თქმით, რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ დამოკიდებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ მათ არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრის უფლებამოსილების შეჩერებას, რომელიც პარლამენტში შტურმით შემოვარდნას და სახელმწიფო ინსტიტუციის აღებას ცდილობდა.
„მივესალმები სახელმწიფო აუდიტის მიერ მოკვლევის დაწყებას დაფინანსებასთან დაკავშირებით, ასევე გასარკვევია მათ ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ საკითხებს უნდა გაეცეს პასუხი. მე მქონდა მოლოდინი, რომ გიორგი ლომია აქეთ იერიშზე კი არ გადმოვიდოდა და მიუღებელი ფორმით კოლეგების მიმართ შეურაცხყოფას კი არ დაიწყებდა, არამედ ახსნიდა პარლამენტის წევრები როგორ აღმოჩნდნენ კონკრეტულ ადგილას და რა მიზნით. ეს არის აუცილებლად გასარკვევი და ამას უნდა გაეცეს პასუხი. ასევე ლომია რომ ამბობს, თურმე ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში ძალიან ხისტი პოზიციით გამოირჩევიან, ხომ არ შევახსენოთ „პატრიოტთა ალიანსს“, საქმე საქმეზე რომ მიდგა და ნიკანორ მელიას უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილებოდა, მხარი არ დაუჭირეს. არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წევრის უფლებამოსილების შეჩერებას, რომელიც აქ შტურმით შემოვარდნასა და სახელმწიფო ინსტიტუციის აღებას ცდილობდა. ეს არის თქვენი თანამშრომლობა, ფაქტი და მოცემულობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.