ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციის პოზიცია, რომ არ ერთვებიან კონსულტაციებში, ლუსტრაციას ახდენს იმ პარტიების, ვინც ირჩევს ევროპულ პერსპექტივას, ასევე ვინ მიდის ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ
ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ ერთვება, ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის პოზიცია, რომ არ ერთვებიან კონსულტაციებში, ლუსტრაციას ახდენს იმ პარტიების, ვინც ირჩევს ევროპულ პერსპექტივას და მუშაობას ხალხის ინტერესებისთვის, ასევე ვინ მიდის ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ.
„ევროპულ პერსპექტივას თუ არ ირჩევ და მუშაობა არ გსურს ქვეყნის ინტერესებისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მხარს უჭერ რევოლუციურ სცენარს და რადიკალურ მიდგომებს. ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ ერთვება, ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მათი სიმართლე სად არის? ერთად დასხდომისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ ახლა, როცა მათ ვეუბნებით, მზად ვართ, ცვლილებები გავატარით, ახლა ეს ხალხი იმის ნაცვლად, რომ ჩვენთან ერთად იჯდეს და მუშაობდეს, პოპულისტურ გზას ირჩევენ. როცა ეს პოპულისტური გზა კიდევ ერთხელ გაშიშვლდება და საზოგადოება ნახავს, რეალურად მათ მუშაობა კი არ უნდათ, არამედ რევოლუციური სცენარები. საბოლოოდ იმის ლუსტრაცია მოხდება, რომ ამ ხალხს სურს, არა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ როგორმე ისეთი სიტუაცია შექმნილიყო, სადაც დაგვადანაშაულებდნენ, თითქოს, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ გვსურს და ამას სათავისოდ გამოიყენებდნენ. მათ არ სურთ, არც 12 პუნქტის შესრულება და არც რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.