ანრი ოხანაშვილი - ოპონენტები იმედგაცრუებული არიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერ ნახეს სიტყვა „კლანი“, ახლა ცდილობენ, საზოგადოებას დამატებითი დეზინფორმაცია მიაწოდონ
ოპონენტები იმედგაცრუებული არიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერ იხილეს სიტყვა „კლანი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„იმდენად გულდაწყვეტილი არიან, ვენეციის კომისიის დასკვნაში რომ ვერ ნახეს სიტყვა „კლანი“, რომ ახლა ცდილობენ, ახსნან, ვენეციის კომისია ამბობს, საჯარო საუბრებში ითქვა, რომ არსებობს კორპორატივიზმიო, ანუ, რასაც ვენეციის კომისია სხვაზე დაყრდნობით ამბობს, რადგან ამას ამბობს ვენეციის კომისია, აქ გულისხმობს კლანსო. წარმოიდგინეთ, რა იმედგაცრუებული არიან, რომ სიტყვა „კლანი“ ვერ ნახეს მტკიცებით ფორმაში და ახლა ცდილობენ, თეორიული, ჰიპოთეტური დაშვებით როგორღაც იქნებ რაღაც ფორმით მიაწოდონ საზოგადოებას დამატებითი დეზინფორმაცია“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კორპორატივიზმის ნაწილში ვენეციის კომისიას მტკიცებით ფორმაში არ უთქვამს, რომ არის კორპორატივიზმი.
„ვენეციის კომისიამ ის კი არ თქვა, რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება და გარემოება, რაზე დაყრდნობითაც მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ არსებობს კორპორატივიზმი. ვენეციის კომისიამ თქვა, როდესაც ჩვენ საუბარი და ჩართვები გვქონდა შესაბამის სუბიექტებთან, ამ დისკუსიებში ახსენებენ კორპორატივიზმსო. ანუ, აქ იგულისხმება საპარლამენტო ოპოზიცია და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვისთანაც მათ კონსულტაციები გამართეს. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული შეფასება იმისგან, როგორც ოპონენტები წარმოაჩენენ, თითქოს ვენეციის კომისიამ მტკიცებით ფორმატში თქვა, რომ საუბარია კორპორატივიზმზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ვენეციის კომისიამ ხაზგასმით მიუთითა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რათა სამუშაო ჯგუფების ფარგლებში პროცესი ინკლუზიური ყოფილიყო და ამასთან, სასამართლო რეფორმის კუთხით ძალიან ბევრი ნაბიჯი პოზიტიურად მიიჩნია.
„ოპონენტები არ მიუთითებენ იმას, რომ იქ არის ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება, რომელიც ვენეციის კომისიას ასევე პოზიტიურად აქვს შეფასებული. არ ვიცი, ვინმემ ახსენა თუ არა, რა არის პოზიტიურად შეფასებული. პოზიტიურად არის შეფასებული სასამართლო გადაწყვეტილებების, ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების დაშტრიხვის გარეშე გამოქვეყნება; გამჭვირვალობის და დასაბუთების სტანდარტის გაზრდა; იმ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულება და ასახვა კონკრეტულ რედაქციაში, რომელზეც ვენეციის კომისია წინა რეკომენდაციებში საუბრობდა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიამ გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტი კონკრეტული საკითხების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ-სამართლებრივად განხილვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ როდესაც ვუთხარით, რომ ჩვენი ამოცანაა, კონკრეტული საკითხები კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჭრილში გადაიჭრას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციურ-სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხები და საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს ეს სტანდარტი, გაიზიარა ვენეციის კომისიამ. მართალია, ის ამბობს, რომ ეს რეკომენდაციები ჯერ კიდევ არ არის შესრულებული, თუმცა იქვე მიუთითებს, რომ მათთვის მისაღები არგუმენტია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს დავა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ამ საკითხებზე ელოდება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა, რა თქმა უნდა, მზად არის სხვა საკითხებზე მსჯელობისთვის, ისეთი ინიციატივების განხილვისთვის, ანალიზისთვის და შემუშავებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან და საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან.