ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიასთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი რომ გვქონოდა, მის განცხადებას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე თავის დროზე დავაკმაყოფილებდით
ჩვენ ნიკა მელიასთვის პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი რომ გვქონოდა, მაშინ ლოგიკურია, მის განცხადებას თავის დროზე დავაკმაყოფილებდით, რათა პროკურატურისთვის კიდევ უფრო მარტივი პროცედურებით მიგვეცა შესაძლებლობა, შესაბამისი ღონისძიების გამოყენების თუ ამის საფუძველი იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ნიკანორ მელიამ თავის დროზე დაწერა განცხადება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და იმ არგუმენტით, რომ როდესაც საბოტაჟს ახორციელებენ პარლამენტის არჩეული წევრები ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ, ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
„შესაბამისად, ჩვენ რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანი გვქონოდა, ან ინტერესი ამ ადამიანის მიმართ, მაშინ ლოგიკურია, რომ მის განცხადებას დავაკმაყოფილებდით თავის დროზე, რათა პროკურატურისთვის კიდევ უფრო მარტივი პროცედურებით მიგვეცა შესაძლებლობა, შესაბამისი ღონისძიების გამოყენების თუ ამის საფუძველი იქნებოდა. თავის დროზე მელია გვთხოვდა უფლებამოსილება შემიწყვიტეთო და დღეს გვეუბნებიან, რომ უფრო ნაკლებად მზღუდავი მექანიზმის გამოყენების უფლება არ გვაქვს, რასაც ჰქვია არა უფლებამოსილების შეწყვეტა, არამედ უფლებამოსილების შეჩერება. ჩვენ უფლებამოსილებას არავის ვუწყვეტთ, ჩვენ ვხსნით იმუნიტეტს ამ კონკრეტულ საკითხზე და ვაძლევთ პროკურატურას შესაძლებლობას, საქმე წაიღოს სასამართლოში, სადაც მხარეები იდავებენ. რაც შეეხება უფლებამოსილების შესაძლო შეჩერებას, ეს არის შემდგომი საკითხი, თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ გამოყენებული იქნეს პატიმრობა, ეს საკითხი ისევ ჩვენ უნდა განვიხილოთ. შეწყვეტის საკითხი შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი დადგება გამამტყუნებელი განაჩენი. პარადოქსია, ჩვენი კოლეგა, ბრალდებული ნიკანორ მელია ითხოვდა, რომ მისთვის უფლებამოსილება შეგვეწყვიტა, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, რადგან იყო საბოტაჟის გამოხატულება, ამით დავადასტურეთ, რომ არავის მიმართ, მათ შორის ამ ადამიანის მიმართ, არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია. შესაბამისად, ჩვენ რომ რაიმე ინტერესი გვქონოდა, მარტივად შევუწყვეტდით მათ უფლებამოსილებას და პროკურატურას მიეცემოდა საშუალება, უფრო მარტივად განეხორციელებინა ის პროცედურები, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ. დღეს უფრო ნაკლებ მზღუდავ მექანიზმს როდესაც ვიყენებთ, რომ პროკურატურას ჰქონდეს შესაძლებლობა, სასამართლოში წაიღოს ეს საქმე, აქ „ნაციონალური მოძრაობა“ და მელია ამბობენ, რომ ამის უფლება არ გვაქვს. სად არის სიმართლე, ვფიქრობ, ეს ნათელია და რამდენად აბსურდულ პოზიციაში ჩაიყენეს მათ თავი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.