ანრი ოხანაშვილი - ნიკა მელიამ თავის დროზე გირაო ხომ გადაიხადა და სამაჯური გაიკეთა, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო
ნიკა მელიამ თავის დროზე გირაო ხომ გადაიხადა და სამაჯური გაიკეთა, ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება კანონიერი იყო, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელიამ თავის დროზე თქვა, რომ კანონს და კონსტიტუციას პატივს სცემს, თუმცა ახლა ეს აღარ სურს და რევოლუციურ სცენარზე საუბრობს.
„ნიკა მელია საკუთარი განცხადებების ტყვე გახდა. ამ ადამიანმა თავის დროზე გირაო ხომ გადაიხადა და გაიკეთა სამაჯური? ეს ნიშნავს, რომ მას კანონის დაცვა მოუწია, რადგან გადაწყვეტილება კანონიერი და კონსტიტუციური იყო.
რატომ თავიდანვე არ საუბრობდა, ამ რიტორიკით? რატომ არ თქვა თავიდანვე, რომ გირაოს არ გადაიხდიდა და სამაჯურს არ გაიკეთებდა? თავის დროზე თვითონვე თქვა, რომ კანონსა და კონსტიტუციას სცემს პატივს, თუმცა ახლა მოუნდა, რომ კანონს და კონსტიტუციას პატივი აღარ სცეს. მათ სურთ, რაღაც მუხტის აწევა, საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. ამით პირდაპირ ამბობენ, რომ სურთ, კანონის დარღვევა. კანონზე მაღლა ვერავინ დადგება. ყველა პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.
რაც შეეხება პროცედურებს, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ბიურო საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობას გადასცემს, ხუთი დღის ვადაში მომართვის საფუძვლიანობას შევისწავლით და მოვამზადებთ დასკვნას. ჩვენ კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად ვიმოქმედებთ. შემდგომ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.