ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში, ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა არ აქვთ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა ნონა მამულაშვილის გადაწყვეტილებას პარლამენტისა და „ნაციონალურ მოძრაობის“ დატოვების შესახებ.
ოხანაშვილის თქმით, ეს ფაქტი მეტყველებს, რამდენად სცემენ პატივს პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მათ ამომრჩეველს.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში.
„სერიოზული პრობლემა და გამოწვევაა-მეთქი, რომ გითხრათ, ალბათ გამიგებთ, რომ ასე არ არის. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს პოლიტიკური კულტურის შეგნებაზე და მეტყველებს იმაზე, რამდენად სცემენ პატივს პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები მათ ამომრჩეველს. ერთ დღეს ვიღაცას უბრალოდ აღარ მოუნდა პარლამენტში ყოფნა, დაიღალა. ოღონდ მუშაობით კი არ დაიღალნენ, არ ვიცი, რით დაიღალნენ და გადაწყვიტეს, აღარ სურთ, იმ ხალხის ინტერესები წარმოადგინონ, ვინც მათ ხმა მისცა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, იმაზეც, თუ რატომ აქვთ ასეთი რეიტინგები, მეტყველებს მათ პოლიტიკურ შეგნებაზე. ამომრჩევლის მიმართ პატივისცემა არ აქვთ. დანარჩენი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იდარდოს, რა ხდება მათ რიგებში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთნ, ანრი ოხანაშვილს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განაცხადება, სადაც წითლიძე ამბობს: „ისეთი ადამიანები გვამუნათებენ ერთობაზე, რომლებმაც თავის დროზე ერთობა დაარღვიეს. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. თუ ერთობაში გულისხმობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით უნდათ სადმე გასვლა, მაშინ საერთოდ რას მიდიოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“.
ანრი ოხანაშვილის განაცხადებით, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს, ვინ მეტ დაფინანსებას მიიღებს კონკრეტული ოლიგარქისგან.
„რაც შეეხება პროცესებს, ბრძოლას, ვინ უფრო მეტ დაფინანსებას მიიღებს კონკრეტული ოლიგარქისგან. ბევრი ოლიგარქი ჰყავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, მის მიღმაც, შესაბამისად, ვაშაძე რაც არ უნდა ეცადოს, რომ უფრო ძლიერი და მაგარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყოს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. ეს ხალხი მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან მოდის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფორმალურად არიან თუ არ არიან, იგივე იდეოლოგიას და ფასეულობებს ატარებენ, არავითარი ბმა და კავშირი არ აქვთ ხალხთან. მათი პოზიციებია, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფსა და საზოგადოებას შორის ჩატეხილია ხიდი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ არც ლიდერი ჰყავთ და ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ფულის შოვნისთვის – ვინ უფრო მეტ ფულს იშოვის მათი ოლიგარქისგან. ეს მოცემულობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.