ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ის პირები, რომლებიც, როგორც ჩანს, მსუყედ ფინანსდებიან, გადაფარებული არიან, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად არ შეფასდეს, თუმცა თვითონვე ადასტურებს ოლიგარქობას
კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, კეზერაშვილის განცხადებით დასტურდება, რომ გავლენას ახდენს კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზე, მის მიერ მართული ტელევიზია კი პოლიტიკური ტელევიზიაა.
„კეზერაშვილი ამ განცხადებით თავადვე ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანი ჩაფლულია პოლიტიკურ სივრცეში, პოლიტიკურ ცხოვრებაში. გავლენას ახდენს კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებზე და მის მიერ მართული ტელევიზია, პოლიტიკური ტელევიზიაა. თავადვე ადასტურებს ამ ყველაფრით, იმასაც, რომ წარმოადგენს ოლიგარქს. ამ ადამიანმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან. ამაზე მეტი აღიარებით ჩვენებას ალბათ ვერავინ ვერ ისურვებდა. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ კონკრეტული ტელევიზია პარტიული ტელევიზიაა, ვამბობდით იმას, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ატარებენ ერთი კერძო პირის ინტერესს, რომელიც ასევე ჩართულია პოლიტიკაში და ეს კეზერაშვილია. ეს დაადასტურა თვითონაც და ეს დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის“ მთელმა წარმომადგენლობამ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თავად „გახსნეს კარტები“ და გაამყარეს მმართველი გუნდის პოზიცია.
„ამაზე მეტი გამყარება ჩვენი ნათქვამი პოზიციების, რასაც აქამდე ვამბობდით, აქამდე ასე არ მომხდარა. მაგალითად, მელიამ ახსენა, რომ მას არ სურს ოლიგარქებთან თანამშრომლობა. პრაქტიკულად, მან მინიშნება გააკეთა პირდაპირ კეზერაშვილთან მიმართებაში. ამ განცხადების გაკეთებიდან მალევე მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ ის პირები, რომლებიც როგორც ჩანს, პირდაპირ მსუყედ ფინანსდებიან, გამოვიდნენ და დაიწყეს კეზერაშვილზე საუბარი. თვითონვე გახსნეს ყველა კარტი. თუ შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ აქ იგულისხმებოდა კეზერაშვილი, თვითონვე გამოვიდნენ და მარტივად გაიშიფრნენ, დაუწყეს რა, გამალებული დაცვა, რომ ეს ადამიანი ოლიგარქი არ არის. როდის აქეთ გახდა დემოკრატის შუქურა, რომელიც ბევრი ფაქტებით, უდიდესი ეჭვებით და მთელი რიგი პროცესებით დასტურდება, რომ კეზერაშვილი ქართულ ჯარს ძარცვავდა. გოცირიძემ თქვა, რომ ამ ადამიანს წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის განვითარებაში, ჰუმანური და ა.შ მიზნები ამოძრავებს. როდის აქეთ ხდება ადამიანი ფილანთროპი, დემოკრატიის შუქურა და დემოკრატიის ამომავალი ვარსკვლავი, რომელთან მიმართებაშიც არსებობს უდიდესი კითხვის ნიშნები და გამოძიება წარმოებს ქართული ჯარის გაძარცვასთან დაკავშირებით. ეს ორი რამ, როგორ არის ერთმანეთთან თავსებადი, ეს ხომ ნონსენსია. ასეთ აბსურდამდე მივიდნენ ეს ხალხი, რომ გადაფარებული არიან, რომ კეზერაშვილი ოლიგარქად როგორმე არ შეფასდნენ. თუმცა ფაქტია, რომ თვითონვე ადასტურებს თავის ოლიგარქობას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დავით კეზერაშვილმა განცხადება სოციალურ ქსელში დღეს გაავრცელა: „არასოდეს ჩავრეულვარ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში, არ მაქვს უფლება, მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას“.