ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო
ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, მათი პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო

პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია იმდენად უნიათოა, უკვე ტყუილსაც ვეღარ ამბობს.

„უნიათო ოპოზიციურ ჯგუფებთან გვაქვს საქმე, რომლებმაც ტყუილის სწორად გაყიდვაც ვერ ისწავლეს.  იმდენად უნიათოები არიან, რომ ტყუილსაც ვეღარ ამბობენ და ყოველ წუთში ცვლიან. პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნურ სუნთქვაზეა, წამზომი ჩართულია, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური პანაშვიდი დაიწყო. ეს დასკვნა არის ამის მიმანიშნებელი. თუ კარგი იურისტები არიან და ტექსტს კითხულობენ, გამოვიდნენ და საზოგადოებას უთხრან, ერთი წინადადება – სად წერია, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას შეესაბამება. ხომ მარტივი წინადადებაა? – ეს წინადადება გვითხრან. ამაში ჩანს მათი უნიათობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული,საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.