ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - დაინტერესებული ხართ ისეთი რეზოლუციის მიღებით, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ ინტერესებს და ამით მოგვიწევს სამხედრო ესკალაციაში შესვლა
ანრი ოხანაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - დაინტერესებული ხართ ისეთი რეზოლუციის მიღებით, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ეროვნულ ინტერესებს და ამით მოგვიწევს სამხედრო ესკალაციაში შესვლა

თქვენ არ ხართ დაინტერესებული უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებით. თქვენ ხართ დაინტერესებული ისეთი რეზოლუციის მიღებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს შეუქმნის და ამით მოგვიწევს სამხედრო ესკალაციაში შესვლა, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპონენტები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის ტექსტზე საუბრისთვის მივიდნენ დალაგებული მესიჯბოქსით და პრაქტიკულად, დასრულებული არ იყო შეხვედრა, რომ მათ საკუთარ პარტიულ მედიასაშუალებებს დააწყებინეს ქილიკი, თითქოს, ვიღაცას რაღაცის ეშინია, თითქოს „ქართული ოცნება“ მოღალატეობრივ პოზიციას ავითარებდა.

„სამწუხაროდ, თქვენ არ მოსულხართ ამ რეზოლუციის ტექსტის შინაარსობრივად განსახილველად. თქვენ წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯით მოხვედით. ჩვენ რომც შევთანხმებულიყავით ყველაფერზე, თქვენ შეძლებდით და გამონახავდით საბაბს, რათა ამ რეზოლუციისთვის მხარი არ დაგეჭირათ“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებს მოუწოდა, ნუ დაკომპლექსდებიან და საერთაშორისო ასპარეზზეც ხშირად გამოიყენონ ის, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა სტრასბურგში სახელმწიფოთაშორისი დავის დროს.

„რუსეთის ფედერაციას – ოკუპანტ ქვეყანას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იუსტიციის სამინისტრომ 2021 წლის 21 იანვარს საერთაშორისო ასპარეზზე პირწმინდად მოუგო სამართლებრივი დავა და ამით მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება. ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ პირობებში თითოეული ის უწყება, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო, რომელიც იცავს ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. სწორედ ამ სამართლებრივ დოკუმენტში 95-ჯერ ჩაწერილია სიტყვა – ოკუპაცია. ასევე, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში შეგროვდა შვიდასამდე მტკიცებულება, რომელიც 2012 წლამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ არათუ შეგროვებული არ ჰქონდა, არამედ დამაგრებული არ გქონდათ საქმეზე მტკიცებულებები. ეს არის „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი. ეს არის „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.