ანრი ოხანაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს, დიდი ხანია, მათ სიტყვას ფასი დაკარგული აქვს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.
დეპუტატის თქმით, აქამდე არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს. დიდი ხანია, ამ ხალხის სიტყვას ფასი დაკარგული აქვს. მათ არაერთი განცხადება ჰქონდათ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამდნენ, თუმცა გადადგმა და სიტყვების უკან წაღება მოუწიათ. დამერწმუნეთ, მათ ამ სიტყვების უკან წაღებაც მოუწევთ და დოკუმენტს ხელს მოაწერენ. საკმარისი დრო აქვთ, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს შემოუერთდნენ. რაც შეეხება ცალკეულ პუნქტებზე ხელმოწერას, ასეთი რამ არ არსებობს. ან აწერ ხელს, ან – არა“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ამნისტიის“ შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი მავნებლურია, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით კი პარტია ამ კანონის თანაზიარი ვერ გახდება. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს, მიშელის დოკუმენტს შეუერთდეს.