ანრი ოხანაშვილი - მოვუწოდებთ ოპოზიციას, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ცვლილებებს ჯანსაღად მიუდგნენ
ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შექმნის ახალ მნიშვნელოვან გარანტიას საქართველოში ხელისუფლების დანაწილების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, გასულ სამშაბათს მმართველმა გუნდმა დააინიცირა კანონპროექტი, რომლითაც ზუსტდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრაქტიკულად აღიარეს, რომ კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან.
„კანონპროექტი, გერმანული მოდელის შესაბამისად, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოქმედ კანონს, აზუსტებს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს და ამით უზრუნველყოფს მოქმედი კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის აღმოფხვრას. მიუხედავად ამისა, არ წყდება ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის სპეკულაციური განცხადებები კანონპროექტთან დაკავშირებით.
კერძოდ, ისინი აცხადებენ, რომ, მართალია, კანონპროექტი სამართლებრივად გამართულია, მაგრამ ის ქმნის სამართლებრივ ინსტრუმენტს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებისთვის. გაუგებარია, როგორ შეიძლება ანგარიშსწორების ინსტრუმენტად განიხილო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის მიმართ არავითარი სანქციის შეფარდების შესაძლებლობას არ იძლევა და მეტიც, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებების სრულფასოვნად რეალიზებასაც უზრუნველყოფს. ახალი ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს აძლევს მხოლოდ იმის შესაძლებლობას, რომ სამართლებრივად შეაფასოს, შეესაბამება თუ არა ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოს, მათ შორის პრეზიდენტის მოქმედება თუ უმოქმედობა საქართველოს კონსტიტუციას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, ცვლილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმა, რომელიც გაუმართავი კანონის გამო პრაქტიკულად ფიქციად იყო ქცეული, რეალურ დატვირთვას შეიძენს.
„შესაბამისად, ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი შექმნის ახალ მნიშვნელოვან გარანტიას საქართველოში ხელისუფლების დანაწილების სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამ პირობებშიც კი ახერხებს სპეკულირებას, რაც მათ პოლიტიკურად მიკერძოებულ მსჯელობაზე მიანიშნებს. წარმოუდგენელი ნონსენსია, ერთი მხრივ, საუბრობდე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასა და დასავლურ ფასეულობებთან ჰარმონიზაციაზე, მეორე მხრივ კი, პარტიისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით საჯაროდ უგულებელყოფდე კონსტიტუციურ მართლწესრიგსა და სამართლებრივი სახელმწიფოს იმ პრინციპს, რომელიც თანამედროვე ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედია. მოვუწოდებთ მათ, ჯანსაღად მიუდგნენ ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივას და თუ რაიმე სამართლებრივი მოსაზრებები აქვთ, კონსტრუქციული ფორმით გამოთქვან ისინი საკომიტეტო მოსმენებისას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან შეუდგება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.