ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცედურა შეთანხმებულია როგორც ოპოზიციასთან, ასევე მმართველ გუნდთან
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცედურა შეთანხმებული როგორც ოპოზიციასთან, ასევე მმართველ გუნდთან.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იწყება.
„პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პროცედურა და მინდა გითხრათ – როგორც ოპოზიცია, ასევე მმართველი გუნდი შეთანხმებულია პროცედურასთან დაკავშირებით. დღეს გადაწყვეტილებას მხარი დავუჭირეთ ყველამ ერთად და შენიშვნა არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცედურა ვინმეს არ მოსწონს. შესაბამისად, პროცედურა მისაღებია. თითო ფრაქციას 29 წუთი აქვს ინტერვიუს ჩასატარებლად, რაც ეხებათ პარლამენტის უფრაქციო წევრებს, მათ ჯამში ექნებათ ორმოცი წუთი იმისათვის, რომ დაასრულონ ინტერვიუ თითოეულ მათგანთან. ამის შემდეგ საათი და 15 წუთი ექნებათ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ადვოკატთა ასოციაციას, იურიდიული დახმარების სამსახურს და სამეცნიერო სფეროს ორ წარმომადგენელს. ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ჩვენი ამოცანაა პროფესიონალი კეთილსინდისიერი კანდიდატის შერჩევა. ბრალდებების დრო ახლა არ არის, ყველა სუბიექტს აქვს საშუალება, დასვას კითხვა. ამ პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთო, რომელთა წარმომადგენლებსაც ვთხოვე და პირადად მოვიწვიე, ასევე „იუესაიდ პროლოგის“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ოხანაშვილმა.