ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტიდან შესაძლოა, საკვალიფიკაციო გამოცდების კრიტერიუმი ამოვიღოთ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტიდან შესაძლოა, მმართველმა გუნდმა საკვალიფიკაციო გამოცდების კრიტერიუმი ამოიღოს – მის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებული დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
დასკვნაში, რომელიც ეუთო-მ კანონპროექტის გაუმჯობესების მიზნით მოამზადა, ნათქვამია, რომ არამოსამართლე კანდიდატებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდები სხვა ტესტებით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც ყველა კანდიდატთან მიმართებაში გამოიყენება. თუმცა, მმართველი გუნდი გამოთქვამს მზაობას, საერთოდ გააუქმოს აღნიშნული კრიტერიუმი იმის გათვალისწინებით, რომ ამას ოპოზიცია უკვე დიდი ხანია მოითხოვს.
„ოდირის“ დასკვნაშიც საუბარი არ არის იმაზე, რომ გამოცდა ავტომატურად უნდა მოიხსნას. მათ აქვთ შემოთავაზება, რომ გამოცდა შეიძლება დარჩეს, შესაძლოა, გამოცდის ნაცვლად იყოს სხვა ვერსია შემოთავაზებული, მაგალითად სამართლის გამორჩეული სპეციალისტი თუ არის ადამიანი, მას აღარ უნდა სჭირდებოდეს ასეთი გამოცდის ჩაბარება, ამიტომ ალტერნატივის სახით გვთავაზობენ. ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ჩვენს ოპონენტებთან მიმართებაში ვთქვათ, რომ თუკი ისინი ამდენხანს ითხოვდნენ ამას და მართალია, ვენეციის კომისიამ და „ოდირმა“ არ მოითხოვეს პირდაპირ ამოღება, მაგრამ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი კიდევ უფრო წინ და ვთქვათ, რომ კომპრომისისთვის ხომ არ ამოვიღოთ მთლიანად. შეიძლება ამაზე საუბარი.
ვფიქრობ, ოპოზიციას აქვს ახლა შანსი წარმოაჩინოს თავი, როგორც ადამიანები და პარტიები, რომლებიც ზრუნავენ სასამართლო სისტემის განვითარებაზე. თუკი ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ რჩება განცდა, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ ცვლილებებს განვახორციელებთ, თუ იგივე პოზიციებზე დარჩებიან, აღმოჩნდება, ჩვენ ეჭვით ვუყურებდით თავისთავად, რომ მათ ამოძრავებდათ მხოლოდ პოლიტიკური ვიწროპარტიული ინტერესები და არა ზრუნვა სასამართლო სისტემაზე”,- განაცხადა ოხანაშვილმა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.