ანრი ოხანაშვილი - მივესალმები პრეზიდენტის მზაობას, დაიწყოს მუშაობა შეწყალების მექანიზმის დახვეწის თვალსაზრისით
ჩვენ უნდა დავიწყოთ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით მუშაობა, როგორ დაიხვეწოს შეწყალების საკითხი, რომ ქვეყანაში იყოს ერთიანი სისიხლის სამართლის პოლიტიკა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მზაობა მისასალმებელია.
„ჩვენთვის არ არის მისაღები, როდესაც ხდება მკვლელობაში, მით უმეტეს ძებნილი პირის შეწყალება, თუმცა ამ საკითხთან მიმართებაში კოორდინირებულად უნდა დაიწყოს მუშაობა ერთიანი სისიხლის სამართლის პოლიტიკის შემუშავების თვალსაზრისით.
მე მივესალმები პრეზიდენტის მზაობას, რომ ის მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ საკითხის დახვეწის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა დავიწყოთ პრეზიდენტის აქტიური ჩართულობით მუშაობა, როგორ დაიხვეწოს საკითხი, რომ ქვეყანაში იყოს ერთიანი სისიხლის სამართლის პოლიტიკა. პარლამენტი, მთავრობა, პრეზიდენტი უნდა იყვნენ ის რგოლები, სადაც აქტიურად უნდა წარიმართოს მუშაობა. საკითხი არის მგრძნობიარე. ჩემთვის არ არის მისაღები განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალება, თუ სულ მცირე ნახევარი მაინც არ აქვთ მოხდილი. ეს პრაქტიკა, რომ ჩვენ შევცვალოთ და პრეზიდენტს შევუზღუდოთ უფლებამოსილება, ასე ვერ მოხდება კონსტიტუციიდან გამომდინარე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულთა შეწყალებაზე დღეს მორატორიუმი გამოაცხადა. ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.