ანრი ოხანაშვილი - მისასალმებელია, რომ შეწყალების ახალ წესზე პრეზიდენტის ბრძანებულება პარლამენტის ძირითად რეკომენდაციებს შეიცავს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ შეწყალების ახალ წესზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულება იმ ძირითად რეკომენდაციებს შეიცავს, რომელიც პარლამენტმა შესთავაზა.
ანრი ოხანაშვილი განმარტავს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის მისწრაფება შეურიგდეს დაზარალებულს და ასევე აანაზღაუროს ზიანი.
„როგორც წესი, იმ მსჯავრდებულთა შეწყალება უნდა გამოირიცხოს, ვინც მსჯავრდებულნი არიან ქალის, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და სხვა მოწყვლადი პირების მიმართ განხორციელებულ დანაშაულში. ასევე ძებნილ პირებზე უნდა გამოირიცხოს შეწყალება. ხაზგასასმელია ისიც, რომ ბრძანებულების ტექსტი ითვალისწინებს კონსულტაციების გავლას პრეზიდენტის მხრიდან სახელმწიფო უწყებებთან, ან დარგის იმ სპეციალისტებთან, რომელთანაც პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, რომ საჭიროა შეწყალებამდე კონსულტაციის გავლა.
რაც შეეხება ამის პრაქტიკულ გამოყენებას, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. კონკრეტული საქმე პრეზიდენტმა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს, შეწყალების თუ არშეწყალების საკითხი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაცია 26 ნოემბერს გაავრცელა. 27 ნოემბერს კი, მსჯავრდებულთა შეწყალების ახალი წესი ძალაში შევიდა.
ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.