ანრი ოხანაშვილი - მათ შორის, ეკატერინე ტიკარაძის დამსახურებაა ის, რომ დღევანდელი ბიუჯეტი ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული
მათ შორის, ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძის დამსახურებაა ის, რომ დღევანდელი ბიუჯეტი ხალხის ინტერესებზეა ორიენტირებული, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„მას აქვს ძალიან წარმატებული პროფესიული გამოცდილება გერმანიის ცნობილ უნივერსიტეტებში, სამეცნიერო მივლინების გზით. მაგალითად, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამ განცხადებით ანრი ოხანაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, საიდან დაასკვნა, რომ ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც მინისტრობამდე საჩხერეში კლინიკა „დასტაქარის“ კრეატიული მენეჯერი იყო, მილიარდიანი პროექტების მართვა შეეძლო და რა აძლევს მას ეკატერინე ტიკარაძის ბიოგრაფიაში დამაჯერებლობის საფუძველს, როცა აცხადებს, რომ მთავრობის წევრები მათზე დაკისრებული მოვალეობის ზედმიწევნით შესრულებას შეძლებენ.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა მისთვის რამეს ის ფაქტი, რომ ეკატერინე ტიკარაძეს დამთავრებული აქვს ავსტრიული უნივერსიტეტი (DUK), რომლის ვებგვერდზე პირდაპირაა მითითებული, რომ მიუხედავად იმისა, ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ენიჭებათ, გერმანიასა და ავსტრიაში უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა ეკრძალებათ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ეკატერინე ტიკარაძეს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს და მათ შორის, გერმანულ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვეცნობით თითოეული მინისტრის ბიოგრაფიას და მათ გამოცდილებას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეკითხვაზე, ეჩვენება თუ არა მას უცნაურად ის ფაქტი, რომ საქართველოს „ქართული ოცნების“ უკვე მეორე ჯანდაცვის მინისტრი ჰყავს, რომლის ბიოგრაფიაშიც მთავარი ადგილი საჩხერის საავადმყოფოს უჭირავს, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს კონკრეტულ სფეროებში საკმაოდ წარმატებული ბიოგრაფია აქვს და მის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს.
„მას აქვს ძალიან კარგი განათლება და აქედან გამომდინარე, მისი საქმიანობა, რა თქმა უნდა, მის გამოცდილებასა და განათლებას დაეფუძნება. თუ შემდგომში რამე იქნება, რაც შეიძლება, მსჯელობის საგანი გახდეს, რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, იმის გარანტიას, რომ დღევანდელი მთავრობა წარმატებული იქნებოდა, ასევე იძლეოდა ის ფაქტიც, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამაგალითო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
„მან შს სამინისტროში ადამიანის უფლებებზე ზრუნვა დანერგა, რაც ასეთ მაღალ დონეზე, ამ ფორმითა და ინტენსივობით ვერც ერთმა მინისტრმა ვერ განახორციელა. შს სამინისტროში იზრუნო ადამიანის უფლებების დაცვაზე, არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ისევე, როგორც სისტემური განახლება, საპოლიციო, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომელიც გიორგი გახარიას სახელს უკავშირდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.