ანრი ოხანაშვილი - მასშტაბური ღონისძიებების შემთხვევაში, როგორიცაა ქორწილი, იუბილე, ქელეხი, 2000-იდან 10 000 ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული
ათზე მეტი პირის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აკრძალულია, მასშტაბური ხასიათის ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირებს კი 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული დარღვევების განმეორების შემთხვევაში, გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
„მთავრობის რეგულაციებით, მასობრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, იუბილე, ქელეხი. იცით, რომ ათ პირამდე შეკრება ნებადართულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია. თუ კი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე კატეგორიის დარღვევაში და ფიზიკური პირები 2000 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირებს კი 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.
თუმცა, მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის, როგორც აქამდე და ამ ტიპის დარღვევები იმედია, არ გვექნება. თუმცა ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავწეროთ ეს წესები და ასეთი მძიმე დარღვევების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, არის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.