ანრი ოხანაშვილი - მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი
ანრი ოხანაშვილი - მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი

მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა აგვისტოს ომთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სასამართლომ დაუშვებლად ცნო აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი სამი საჩივარი, ანრი ოხანაშვილი რუსეთის დამარცხებად აფასებს.

„საქართველო მოწოდებულია და ყოველთვის იქნება, რომ საერთაშორისო ტრიბუნაზე რუსეთის ფედერაციამ აიღოს პასუხისმგებლობა და განიცადოს მარცხი. ვინაიდან, საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რა თქმა უნდა, საქართველო ყოველთვის დაიცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო დონეზე. ჩვენ მაქსიმალურად ვიმუშავებთ, რათა კიდევ ბევრი ასეთი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ სამი განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე – „ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“; „კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ“; „ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ“. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულმა სასამართლომ ზემოაღნიშნული საჩივრები დაუშვებლად ცნო, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.