ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატები კართან იდგნენ და მიზანმიმართულად არ შემოდიოდნენ საკომიტეტო დარბაზში, ჩვენ უნდა დავლოდებოდით?
ვინმეს რედაქციული შენიშვნები თუ ჰქონდა, შესაძლებლობა ჰქონდათ, ეს დაეფიქსირებინათ, მაგრამ კომიტეტის სხდომაზე არც კი მოვიდა ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდა და დეზინფორმაციას ავრცელებდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება საზოგადოების დაკვეთაა.
„შანტაჟს და მუქარას ყველამ დაანებოს თავი. საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რათა ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. ვინმეს რედაქციული შენიშვნები თუ ჰქონდა, დღესაც შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ, მაგრამ კომიტეტის სხდომაზე არც კი მოვიდა, არც კი შემოვიდა ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდა და დეზინფორმაციას ავრცელებდა.
ოპოზიციონერი დეპუტატები კართან იდგნენ და მიზანმიმართულად არ შემოდიოდნენ. კამერები ჰქონდათ ჩართული და დაკავებული იყვნენ კადრების გადაღებით. რას მეუბნებით, რომ ოპოზიციას ჩვენ უნდა დავლოდებოდით დათქმულ ვადაზე მეტად, რომ კეთილი ენებათ და შემოსულიყვნენ? ამ პრეტენზიას გვიყენებთ? მესამე მოსმენა არის რედაქციული განხილვა, აქ საუბარია სიტყვების გადანაცვლებაზე და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ამიტომ არ სურდა შემოსვლა ოპოზიციას. ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ხელი შეეშალათ შემოსვლაში, რადგან სურთ, შექმნან განცდა, რომ ვიღაც ვერ შემოვიდა და ისე განიხილეს. ეს არის ტყუილი, ოპოზიციონერი დეპუტატები კართან იდგნენ და არ შემოდიოდნენ საკომიტეტო დარბაზში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი, თუმცა „როგორც კი ეს კანონის ფარგლებს გაცდება, პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება იქნება“.
„სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად, აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელონ. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება, თხოვნა, კანონი არ დაარღვიონ. კანონის დარღვევის შემთხვევაში, გამოყენებული იქნება პროპორციული ძალა. შეურაცხყოფას ნუ აყენებენ საზოგადოებას, აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც ნდობა გამოუცხადა ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია, იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, კონსტიტუციის და ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად. პროცედურულად გათვალისწინებულია, რომ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ. კონკრეტული საკითხი ვისაც აღელვებს, ვინც კონკრეტულ საკითხს არ ეთანხმება, სრული უფლება აქვს, მშვიდობიანად გამოხატოს თავისი აზრი. მშვიდობიანი აზრის გამოხატვა, შეკრება არის დაცული. როგორც კი ეს გასცდება კანონის ფარგლებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს კანონის შესაბამისად.
ვინმეს თუ სურს გაპროტესტება, არის ამის სივრცე, პარლამენტის წინა მხარე, ასევე უკანა მხარე, გააპროტესტონ, გამოხატონ თავიანთი აზრი, ვინ უშლის ხელს? როდესაც ხდება კანონდარღვევა, პიკეტირება, იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს უნდა უქმნიდეთ უხერხულობას. პოლიტიკური უმცირესობა ვერ იბატონებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, ეს დაიმახსოვრეთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის, სამშობლოს და ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება სანქცირებას არ ექვემდებარება და არავის არაფრის ეშინია.
„ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად, ჩვენ მხარეს არის სიმართლე. ყველაფერზე გვექნება რეაგირება, ყველას მხილება, ვინ რა ინტერესებით მოქმედებს. ასე რომ, ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება ვერ სანქცირდება, რაც არ უნდა ამას ფორმალური სანქცია უწოდონ, ქვეყნის, სამშობლოს და ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება სანქცირებას არ ექვემდებარება. არავის არაფრის არ ეშინია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.