ანრი ოხანაშვილი - კომისიას დევნის დაწყების უფლება არ აქვს, ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ რომელიმე ორგანოს პოლიტიკური დავალება მივცეთ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას დევნის დაწყების უფლებამოსილება არ აქვს და ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომისიამ რომელიმე ორგანოს პირის დაკავების შესახებ პოლიტიკური დავალება მისცეს, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კომისიამ რეალურად ვერ დაადგინა, ეჭირა თუ არა ხელში დანა საქმის ფიგურანტ მ.კ.-ს.
„პირველი, რაც ოთარ კახიძემ თქვა, კომისიამ ვერ დაადგინა, რეალურად მ.კ-ს ეჭირა თუ არა ხელში დანა. ვიცით და კომისიას აქვს ინფორმაცია, რომ გამოიკვეთა გარკვეული ახალი გარემოება. ასევე იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოყოფილია ცალკე საქმე, სადაც მუშავდება ბევრი ვერსია და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი საქმის ფარგლებში ახლად გამოკვეთილი გარემოება ცნობილია“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ აღნიშნული გარემოება კომისიამაც დაადგინა და ასევე, დადგენილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ჩვენს მიერ წარმოებული გამოკითხვებით ვერ დავადგინეთ და არ დადგინდა, რომ მ.კ-ს ხელში ეჭირა დანა. მაინტერესებს პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს მ.კ-ს მხრიდან ჯგუფურ დანაშაულს, ამ შემთხვევაში მკვლელობის განზრახვას სხვასთან ერთად. პირდაპირი მტკიცებულებები გვითხარით და ამის შემდეგ შეგვიძლია, კიდევ დავსვათ საკითხი“, – მიმართა ანრი ოხანაშვილმა კომისიის წევრ„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.
მისი თქმით, ყველამ იცის, რომ დევნის კომპეტენცია არ არის საქართველოს პარლამენტის პრეროგატივა.
„გუშინ თქვენვე ახსენეთ, რომ დევნის განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება აქვს პროკურატურას. როდესაც საუბარია მკვლელობაზე და რეკომენდაციაში წერია, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით დაიწყე დევნა, ეს ავტომატურად მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტმა უნდა უკარნახოს ვინმეს – გავალებ, დაიჭირე ეს პირი. დევნის დაწყების უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ და ვიტოვებ მსჯელობის ნიადაგს თქვენთან ერთად, თუ რა სახით შეიძლება ამისი მოდიფიცირება და ჩამოყალიბება. ისე არ უნდა გავაკეთოთ, რომ პოლიტიკური დავალება მივცეთ რომელიმე ორგანოს – დააკავე პირი, დააკავონ, გასამართლდეს. შემდეგ შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში აღმოჩნდეს საქმე, რომ თურმე, მისი დაკავება მტკიცებულებების გარეშე მოხდა და საქმე აქეთ შემობრუნდეს“, – განაცხადა დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა.