ანრი ოხანაშვილი - ხუთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს რადიკალური ჯგუფების კონცენტრაცია პარლამენტში მინიმალური მხარდაჭერით
კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო ბარიერი სრულად თავსებადია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საარჩევნო ბარიერთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ხუთპროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს რადიკალური ჯგუფების კონცენტრაცია პარლამენტში მინიმალური მხარდაჭერით.
„როცა ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს იმ წესებისა და რეგულაციების იმპლემენტაცია, რაც მორგებულია საერთო ევროპულ მიდგომებზე. ამიტომ სწორედ ამ მიდგომას მივყვებით. თავის დროზე მსჯელობა იყო, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო ბარიერი, რაზეც საყოველთაო-სახალხო განხილვები ჩატარდა. ასევე იყო კენჭისყრა და საზოგადოება შეთანხმდა, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით, მისაღები მოდელია. რატომ 5 პროცენტი და არა უფრო მაღალი? პლიუს-მინუს შეიძლება იყოს 4 პროცენტი. ეს იმიტომ არის, რომ ვისაც პარლამენტში მოხვედრის სურვილი ექნება და არის რადიკალური იდეების განმახორციელებელი, არ შეიძლება, ასეთი ადამიანები მინიმალური მხარდაჭერით ხვდებოდნენ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ასევე არ უნდა იყოს ისეთი ბარიერი, რაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს მისცემს გადაჭარბებული ძალების კონცეტრაციის შესაძლებლობას, საჭიროა ბალანსი. 5-პროცენტიანი ბარიერი უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს რადიკალური ჯგუფების კონცენტრაცია პარლამენტში მინიმალური მხარდაჭერით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.