ანრი ოხანაშვილი - კენჭისყრის დროს გადაწყვეტილების მიღებისას კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელე
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართული კენჭისყრის დროს გადაწყვეტილების მიღებისას კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით იხელმძღვანელა.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თითოეულმა კოლეგამ უნდა იხელმძღვანელოს კომპეტენციისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმებით. პირადად მე ვიხელმძღვანელე ამ კრიტერიუმით, ვიხელმძღვანელე პროფესიული გამოცდილებით, მათი პროფესიული აქტივობით – გამოყენებული იყო თუ არა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, ეთიკის ნორმების დარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი. ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელე და მივიღე შესაბამისი გადაწყვეტილება“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა და აღნიშნა, რომ კანდიდატებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს.
„ეს კანდიდატები არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. 14-მა დაიმსახურა მხარდაჭერა კომიტეტის მხრიდან, გაეწიათ რეკომენდაცია. ექვსს არ გაეწია რეკომენდაცია. პოლიტიკურ შეფასებებს თითოეულ კანდიდატზე ჩვენ აქ ვერ დავიწყებთ“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილის თქმით, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გუნდში რაიმე ერთიანი, შეთანხმებული პოზიცია არ ყოფილა.
„პოზიციის გაცვლა-გამოცვლა იყო, თუმცა ჩამოყალიბებული რაიმე პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა . იყო მოსაზრებები, რომ რამდენიმე კანდიდატს შესაძლოა, მხარდაჭერა ვერ მოეპოვებინა, თუმცა ეს ფაქტი დაფიქსირდა კომიტეტეზე. შემდგომი მსვლელობა გვაჩვენებს, რამდენ კანდიდატს ექნება პლენალური სხდომის შემდეგ მხარდაჭერა“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მმართველი პარტიისთვის მთავარია, საზოგადოების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.
„ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, მართლმსაჯულება არ შეფერხდეს საქართველოში. თუკი ვინმეს სურს მართლმსაჯულების შეფერხება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები, ასევე, ზოგიერთი სხვა კოლეგა. დღეს ხედავდით, როგორ იქცეოდნენ. რეგლამენტის უხეში დარღვევით, აბსოლუტურად დესტრუქციულად როგორ იქცეოდა ეს ხალხი. ამიტომ, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, არ ავყვებით. ჩვენი დაკვეთაა ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედება. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც შეფასდა უპრეცედენტო მოვლენად, როდესაც მასში ჩართული იყო საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და შეფასდა, როგორც მათ შორის ევროკავშირის ელჩის, ევროპის საბჭოს ოფისის მხრიდან, რომ ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული, ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღას. ამ კოლეგებმა, დღეს რომ აქ ომახიანად საუბრობდნენ – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მხარი არ დაუჭირეს. ამიტომ, მათი ინტერესი არ არის მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში, მათი ინტერესია, როგორმე ხელისუფლებაში რევანშისტულად მოსვლა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე წარდგენის რეკომენდაცია გაუწია შემდეგ კანიდატებს: მერაბ გაბინაშვილი (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მირანდა ერემაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მამუკა ვასაძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); მაია ვაჩაძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); თამარ ზამბახიძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); შალვა თადუმაძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ვლადიმერ კაკაბაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლევან მიქაბერიძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გიორგი მიქაუტაძე (რვა მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ნუგზარ სხირტლაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ლალი ფაფიაშვილი (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ნინო ქადაგიძე (შვიდი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ქეთევან ცინცაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); ალექსანდრე წულაძე (ექვსი მომხრე, ერთი წინააღმდეგი).
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და შესაბამისად, რეკომენდაცია არ გაეწიათ შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); შოთა გეწაძე (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); პაატა სილაგაძე (ორი მოხმრე, ერთი წინააღმდეგი); ლაშა ქოჩიაშვილი (ერთი მომხრე, ერთი წინააღმდეგი); გოჩა ჯეირანაშვილი (ერთი მოხმრე, ერთი წინააღმდეგი). რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მას ფორმალურად უყარეს კენჭი, ვინაიდან კანდიდატურა მოხსნა.
მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული კენჭისყრა ახლა უკვე პლენარულ სხდომაზე უნდა გაიმართოს.
მოსამართლეობის კანდიდატებს ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდებათ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს საშემოდგომო სესიაზე მოუსმინა.