ანრი ოხანაშვილი - „სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ“ კანონპროექტთან მიმართებაში, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები ავსახოთ
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ითვალისწინებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვითვალისწინებთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. სწორედ ამის დასტურია, რომ დღეს კომიტეტის ჩატარებამდე შევხვდით საქართველოში აშშ-ის ელჩს და გავცვალეთ პოზიციები. მას მივაწოდეთ ინფორმაცია მთელი რიგი საკითხების შესახებ და იყო საკმაოდ ნაყოფიერი, ინტენსიური მსჯელობა. პარლამენტი იმოქმედებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტი კანონპროექტებზე მუშაობას აგრძელებს საკომიტეტო კომიტეტის ფარგლებში. ჩვენ ვაგრძელებთ კომიტეტზე კანონპროექტების განხილვას. ის მსჯელობა, დისკუსია რაც გვქონდა ჩვენს პარტნიორთან, გახდება მსჯელობის საგანი გუნდის შიგნით. შესაბამისად, ეტაპობრივად, კანონპროექტთან მიმართებაში, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია, გარკვეული ცვლილებები ავსახოთ.
საბოლოო პოზიციების მოსმენის შემდგომ, ის პოზიციები, რაც კომიტეტზე გამოითქვა, ასევე ჩვენი პარტნიორების კონსულტაციების გათვალისწინებით მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, პროცესი იქნება ინკლუზიური, შესაბამის დაინტერესებულ მხარეს ექნება სრული შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს პროცესში და მოვისმინოთ ყველას პოზიცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.