ანრი ოხანაშვილი - ჯერ რაღაც დაგაბრალონ, შემდეგ მტკიცებულებების წარდგენა გთხოვონ, რაც დაგაბრალე, სიმართლე არ არისო, ეს დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება
რას შეიძლება, ემსახურებოდეს ის, რომ ჯერ რაღაც დაგაბრალონ, შემდეგ მტკიცებულებების წარდგენა გთხოვონ, რაც დაგაბრალე, სიმართლე არ არისო, ეს დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონტრაბანდულ პროდუქტთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქეთა მინისტრის დმიტრო კულებას გუშინდელ განცხადებას.
საუბარია განცხადებაზე, სადაც კულება ამბობს: „ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოსგან, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, როგორ ვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები არ იქნება საკმარისად დამაჯერებელი“.
ანრი ოხანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად მოზომილად, სიფრთხილით ეკიდება განცხადებებს, რომლებიც უკრაინასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმასა და უკრაინის ხელისუფლებისთვის პასუხის გაცემას ეხება.
„უკრაინიში ოკუპანტის შეჭრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ არაერთი უმძიმესი და ბინძური პროვოკაცია ხორციელდება. რას შეიძლება, ემსახურებოდეს ის, რომ ჯერ შეიძლება, რაღაც დაგაბრალონ და ამ დაბრალების შემდეგ გთხოვონ, წარმოადგინე მტკიცებულებები, რომ რაც დაგაბრალე, სიმართლე არ არისო. ეს დიპლომატიის რომელ წესებში ჯდება ან რა ინტერესებს ემსახურება? ეს ყველაფერი სამწუხაროა. არ გვსურს, ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი ხალხისა და ხელისუფლების მიმართ დავიწყოთ საუბარი. შეიძლება, გეგმა იყოს იმ პროვოკაციების ჯაჭვის, რომ გამოვიდეთ და ვთქვათ, ეს ყველაფერი მიუღებელია. როგორ შეიძლება, მისაღები იყოს? ქვეყანა არის თავდაცვის რეჟიმში ოკუპანტის წინააღმდეგ, წესით, საერთო ინტერესები უნდა გვქონდეს და რაღაც ბრალდებებზე საუბრობენ.
საქართველოს წინააღმდეგ შეტევის ერთი კონკრეტული ფაქტი არ არის, ეს ყველაფერი უკვე კამპანიური ხასიათისაა. ჩვენ მაქსიმალურად მოზომილად და სიფრთხილით ვეკიდებით განცხადებებს, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას და უკრაინის ხელისუფლებისთვის პასუხის გაცემას ეხება. ამის ნაცვლად კი, კამპანიური ხასიათის ცილისწამებას ვიღებთ იმ ხალხის ხელისუფლებისგან, ვისაც რა რესურსიც გვაქვს, მხარდაჭერას ვუცხადებთ. ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ყველა საერთაშორისო ტრიბუნა იქნა გამოყენებული, რათა საერთო ხედვა დაგვეფიქსირებინა. ცხადზე ცხადია, რომ ამ ყველაფერში ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ჩართული – კონკრეტულად კი „ნაციონალური მოძრაობა“. საქართველო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.