ანრი ოხანაშვილი - იურიდიული კომიტეტის სხდომას არ დაესწრო ოპოზიციის არც ერთი წევრი, ეს მიუთითებს, რომ მათ არ აქვთ სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერების არანაირი ინტერესი
საერთაშოროსო პარტნიორებმა მოუწოდეს ყველა საპარლამენტო პარტიას, დაეჭირათ მხარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებისთვის, თუმცა ოპოზიციურმა ჯგუფმა არ დაუჭირა მხარი, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, ეს ხაზს უსვამს, რომ ისინი არიან ფასადურები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
„ამ ცვლილებების ძირითადი არსი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შემდგომ დაზუსტებაში მდგომარეობს. კერძოდ, ეს ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეტაპზე მოსამართლეთა შერჩევის დროს დასაბუთების საკითხს, გასაჩივრებისა და კენჭისყრის ღიაობის საკითხებს. ამ მიმართულებით წარმოდგენილი კანონპროექტი მთელ რიგ დაზუსტებებს ითვალისწინებს. საკითხთან მიმართებით კონსულტაციებს გავდივართ საერთაშორისო პარტნიორებთან. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ საბოლოო რედაქცია იქნება შეჯერებული ვერსია, რომელიც ასევე იქნება გაზიარებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ საკითხები, რომელთა დაზუსტების საჭიროებაც იდგა, ამ ცვლილებების შედეგად საბოლოოდ დაზუსტდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ კომიტეტის სხდომას არ დაესწრო საპარლამენტო ოპოზიციის არც ერთი წევრი. ოხანაშვილის განცხადებით, ეს მიუთითებს, რომ მათ არ აქვთ სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერების არანაირი ინტერესი.
„ისინი მხოლოდ ლიტონი სიტყვებით შემოიფარგლებიან და საუბრობენ, რომ სურთ სასამართლოს შემდგომი რეფორმები. თუმცა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, საგნობრივ განხილვაში არ მონაწილეობენ და არანაირ შინაარსობრივ შემოთავაზებას არ გვთავაზობენ. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა, რომ ასეთი საპარლამენტო ოპოზიცია არსებობს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ ეს არ გვიკვირს, ვინაიდან თქვენ იცით, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა საერთაშოროსო პარტნიორების მხრიდან შეფასდა, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი სასამართლო სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის. მათ მოუწოდეს ყველა საპარლამენტო პარტიას, დაეჭირათ მხარი ამ ცვლილებებისთვის, თუმცა „ოცნების“ გარდა, ოპოზიციურმა ჯგუფმა არ დაუჭირა მხარი, განსაკუთრებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“. ეს ხაზს უსვამს, რომ ისინი არიან მართლაც ფასადურები, საუბრობენ იმას, რომ საჭიროა ცვლილებები, თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისინი არც საქმიან განხილვაში იღებენ მონაწილეობას და არც რაიმე საგნობრივ შეთავაზებას აკეთებენ. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.