ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ კომიტეტს არანაირი მოტივაცია არ აქვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მომზადებული კანონპროექტის განხილვა გააჭიანუროს
ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ კომიტეტს არანაირი მოტივაცია არ აქვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნაზე მომზადებული კანონპროექტის განხილვა გააჭიანუროს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტს არანაირი მოტივაცია არ აქვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვის პროცესი გააჭიანუროს.

ჟურნალისტებთან საუბარში ოხანაშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომიტეტს მზაობა ჰქონდა, კანონპროექტის თაობაზე ავტორებს წინასწარ შეხვედროდა და ამის შესაძლებლობა იყო კაჭრეთში გასვლითი სხდომის ფარგლებში, სადაც პოზიციების გაცვლა მოხდებოდა.

„ამის უარყოფა არ შეიძლება, რადგან საჯარო განცხადება გავაკეთე. შაბათ-კვირას სამოქმედო გეგმა განვიხილეთ და სურვილი გამოვთქვით, რომ ეს საკითხი გაგვევლო. ვინ, რატომ ვერ შეძლო კაჭრეთში ჩამოსვლა, არ ვიცი, სამწუხაროდ არ გაგვაფრთხილეს. რაც შეეხება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას, ეს განსაზღვრული არ იყო. არანაირი მოტივაცია არ გვაქვს, რომ პროცესი დროში გაჭიანურდეს. მოტივაციაა, გონივრულ დროში განვიხილოთ, წინასწარ კონსულტაცია წარიმართოს და განსახილველად ისე გავიტანოთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვის პროცესი ჭიანურდება.