ანრი ოხანაშვილი - ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია, მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება
ირაკლი შოთაძის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„ირაკლი შოთაძეს იურისტთა წრეებში აქვს მაღალი რეპუტაცია. მის სახელს უკავშირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი შოთაძე ასოცირდება სამართლიანობის აღდგენის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გახსნასთან, უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნებასთან. თუკი ადამიანი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, თუკი ადამიანს ახასიათებს მნიშვნელოვანი თვისება, რომ საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს და არის დანაშაულთან შეუპოვარი მებრძოლი, ეს არის ის მახასიათებლები, რომლის გამოც მე ამ ადამიანს მხარს დავუჭერ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურის სისტემას ირაკლი შოთაძის მიმართ ნდობა აქვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურის სისტემას მის მიმართ აქვს საკმაოდ ობიექტური ნდობა, ვინაიდან ეს ადამიანი გახლავთ პროფესიონალი. მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი საქმის გამოძიება. შესაბამისად, არის ობიექტური მოცემულობა, რომელი მოცემულობითაც იგი არის პროფესიონალი. ძალიან მნიშვნელოვანი, რომლითაც ჩვენს საზოგადოებას ირაკლი შოთაძემ თავი დაამახსოვრა, მისი ღირსეული ნაბიჯია, როდესაც თანამდებობა დატოვა. მისთვის საზოგადოების აზრი, საზოგადოების განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვისმინეთ ზაზა სარალიძის პოზიცია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ადამიანს აქვს ნდობა ირაკლი შოთაძის მიმართ და ეს უკვე ბევრის მანიშნებელია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა.
საპროკურორო საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს პირადად მიმართა საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ცხრა კანდიდატია წარმოდგენილი.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.
საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის წესის თანახმად, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.