ანრი ოხანაშვილი - ირაკლი შოთაძეს აქვს რესურსი, ღირსეულად შეასრულოს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საკუთარი მოვალეობა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპროკურორო საბჭოს წევრი ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ გენერალური პროკურორის არჩევის პროცესი, პროკურატურის ისტორიაში ასეთი გამჭვირვალე არასდროს ყოფილა.
ჟურნალისტებთან საუბარში ანრი ოხანაშვილი ირაკლი შოთაძის შესახებ ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ასევე გიგა ბოკერია და „ძმანი მათნი“ ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს შეცდომები იყო, ნაცვლად იმისა, თქვან, რომ დანაშაულებრივი სისტემა არსებობდა.
„იმ შემთხვევაშიც, თუ შეცდომები იყო, ლოგიკურია, რომ ამის შედეგად ადამიანები დაზარალდნენ. თუ დაზარალდნენ, ამაზე პასუხი ვიღაცას ხომ უნდა მოეთხოვოს? როდესაც პასუხს სთხოვს პროკურატურა და მათ შორის, ირაკლი შოთაძის პროკურორობის პირობებში, ამას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ, რაც სპეკულაცია და ტყუილია. ერთი მხრივ, აღიარებდე, რომ „შეცდომები“ იყო და მეორე მხრივ, პოლიტიკურ დევნას უწოდებდე, როცა დაზარალებულის მიერ დასახელებულ დამნაშავეს პასუხისგებაში აძლევენ, ეს არათანმიმდევრულობას ნიშნავს. ერთი მხრივ, აღიარებენ, რომ „შეცდომები“ იყო, თუმცა აღარ აწყობთ, რომ ამის გამო პასუხისგებაში მიეცეს ვინმე. ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა და კანონის უზენაესობის პრინციპი”, – აღნიშნავს ანრი ოხანაშვილი.
დეპუტატი განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.
„ისმენდით კითხვებს, პასუხებსა და ხედვას. საზოგადოებამ ამ ყველაფერს თვალყური ადევნა. შესაბამისად, რეიტინგის მიხედვით, საუკეთესი გამოსვლა შოთაძეს ჰქონდა. ამ ადამიანს დეტალური ხედვა ჰქონდა, როგორ უნდა განვითარდეს პროკურატურის სისტემა, როგორი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები, როგორი უნდა იყოს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა პროკურატურის ფარგლებში, როგორ უნდა გაგრძელდეს პარტნიორობა საერთაშორისო პარტნიორებთან და ა.შ. მხარი დავუჭირე მისი კომპეტენციიდან, კეთილსინდისიერებიდან და იმ უნარიდან გამომდინარე, რომ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და ერთხელ უკვე წავიდა თანამდებობიდან. შესაბამისად, ირაკლი შოთაძეს აქვს რესურსი, ღირსეულად შეასრულოს ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე საკუთარი მოვალეობა“, – აცხადებს დეპუტატი.
ანრი ოხანაშვილი ასევე გენერალური პროკურორობის კანდიდატის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენის პროცედურებს განმარტავს.
„საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტს შოთაძის კანდიდატურას წარუდგენს. აღნიშნული დოკუმენტაციისა და ოფიციალური წერილის შედეგად, ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს, რომელიც წესით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იქნება. მაქსიმალურად უზრუნველვყოფ, რომ სხდომას პროფესიული თვალსაზრისით დაინტერესებული სუბიექტები დაესწრონ, დასვან კითხვები და მოვისმინოთ პასუხები. ამის შემდეგ დასკვნა პლენარულ სხდომას გადაეგზავნება და კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე გაიმართება“, – დასძინა ოხანაშვილმა.
საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია. კანდიდატურა დასამტკიცებლად საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება. ირაკლი შოთაძის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტში 76 დეპუტატის მხარდაჭერა არის საჭირო. კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლით ირჩევს.