ანრი ოხანაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე - კანონის წინაშე თანასწორია, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, თუკი დაუდასტურდება, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება
ნებისმიერ პირს, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, თუკი დაუდასტურდება, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ყველამ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, რომ კანონის დარღვევას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება. კანონის წინაშე ყველა პირი თანასწორია, შესაბამისად, სამართალდარღვევა იქნება ეს თუ შესაძლო დანაშაულის ჩადენა, მისი ჩამდენს, მისი განმახორციელებელს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დაცვით სასამართლოს წინაშე წარდგომა. შესაბამისად იკვეთება, რომ როგორც ჩანს, საგამოძიებო ორგანოს აქვს შესაბამისი სტანდარტი, რათა განახორციელოს სამარლთლებრივი რეაგირება. მთავარია, ამ პროცესზე განხორციელდეს სასამართლოს კონტროლი და დაველოდოთ, რა სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვება ამ პროცესს, როგორი იქნება კონკრეტული კვალიფიკაცია და ასევე როგორი იქნება შესაბამისი პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე. მთავარია, რომ ნებისმიერ პირს, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, თუკი დაუდასტურდება, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ დემოკრატიულ პრინციპებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.