ანრი ოხანაშვილი - ინფორმაცია, თითქოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არის ტყუილი და დეზინფორმაცია
ინფორმაცია, თითქოს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არის ტყუილი და დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რითაც გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა და ეს რეგულაციები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
„შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. არავითარი გამკაცრება არ მომხდარა და არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არ მოხდება ჩვენს მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს და ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ, თუ პირი ქმედებას განმეორებით ჩაიდენს. რაც შეეხება ჩვენს მიერ მიღებულ ცვლილებებს, ჩვენ მივიღეთ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას. ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა – თუ ერთხელ ჩადენილი ქმედების შემდეგ, პირი განმეორებით ჩაიდენს კანონდარღვევას, თავისუფლების აღკვეთა იქნება ექვს წლამდე. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ნიშნავს საომარი და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა. სამომავლოდ, ამისთვის დავაწესეთ თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუ ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი, თუ დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დარღვევას, ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს მძიმე შედეგებსა და რასაც შეიძლება მოჰყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი, ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე. სპეკულაციები იყო, თითქოს, ავტომატურად, ექვსი წლის შეფარდება მოხდება. ესეც არის ტყუილი. ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს, თუნდაც ერთი დღით პასუხისმგებლობის დაკისრებას. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე პასუხისმგებელმა ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღონ და პირს მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა დააკისრონ – ან ერთი დღით, ან ერთი თვით, ან მაქსიმუმ ექვსი წლით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი ამოცანაა, მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
„ეს არის „ოცნების“ ვალდებულება. ჩვენი ხელისუფლება ხელმძღვანელობს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის პრინციპით, შესაბამისად, ამ ვალდებულებას ვერ გავექცევით. ვაცნობიერებთ რა ამ ვალდებულებას, ვიღებთ ზომებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს მიერ მიღებული რეგულაცია არ გამოიყენება არსებულ სიტუაციაში. დღეს მოქმედებს და იმოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რაც ითვალისწინებს მაქსიმუმ თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით“, – განაცხადა ოხანაშვილმა.