ანრი ოხანაშვილი - იმედი გვაქვს, ლიხტენშტაინში საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა პროექტს დაუდებს სათავეს
იმედი გვაქვს, ლიხტენშტაინში საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა პროექტს სათავეს დაუდებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, ლიხტენშტაინს საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური ცხოვრების გამოცდილება აქვს.
„ამ პატარა სამთავრო სახელმწიფოს თვითმყოფადობის შენარჩუნება და თავისი პოლიტიკური ცხოვრების უზრუნველყოფა უწევს, რომელიც, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ჩვენთვის საინტერესო იყო უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ხედვების მოსმენა, როგორ მართავენ ისინი ქვეყანას მაშინ, როდესაც ქვეყანას დიდი ტერიტორია არ აქვს და მიუხედავად ამისა, საპარლამენტო მონარქიაა. ასევე საინტერესო იყო საუბარი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება შესაძლებლობას იძლევა, ჩვენ ლიხტენშტაინთან ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს და ამ მიმართულებით საინტერესო იყო მათი ინტერესების მოსმენა. ინტერესი არსებობს და ეს ინტერესი კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებში უნდა რეალიზდეს. იმედი გვაქვს, ეს ლიხტენშტაინში საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით სხვადასხვა პროექტს სათავეს დაუდებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.