ანრი ოხანაშვილი - იმედებს გავუცრუვებთ იმ ხალხს, ვისაც სურვილი აქვს, 2020 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდეს
ბევრს აქვს სურვილი, „ქართული ოცნება“ დამარცხდეს, თუმცა იმედებს გავუცრუვებთ იმ ხალხს, ვისაც ასეთი ამბიციები აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის მყარი, მმართველი ძალა კიდევ უფრო მობილიზებული და საზოგადოების ინტერესებისთვის მეტი საუკეთესო პროექტის განხორციელებაზე ორიენტირებული იქნება.
„ჩვენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ უფრო გაძლიერებულნი, ღირსეულად წარვდგებით და ჩვენი საზოგადოების დაკვეთის შესრულებას კიდევ უფრო უკეთესად უზრუნველვყოფთ. ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან კარგი რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რომ პარტიის განვითარებას და 2020 საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ხელი შეუწყოს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ძალა მოიგებს, თუმცა ბესელიამ არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობს ახალ ძალაში და ამ ძალის ლიდერი თავად იქნება თუ არა.