ანრი ოხანაშვილი - ჰაერზე არ ვამბობთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ოლიგარქად უნდა იყვნენ მიჩნეულნი, ოთხიდან სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილება პირის ოლიგარქად აღიარების საფუძველს ქმნის
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჰაერზე არ საუბრობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ოლიგარქებად უნდა იყვნენ მიჩნეულნი, რადგან კანონის უკრაინული მეთოდით, ოთხიდან სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილება პირის ოლიგარქად აღიარების საფუძველს ქმნის.
„ოპოზიციამ წარმოადგინოს, დეოლიგარქიზაციის ფარგლებში რას გვთავაზობენ, რისი გაკეთება შეიძლება. საქმეს ზოგადი საუბარი ვერ წაადგება, გვითხრან, რა არის გასაუმჯობესებელი და დასახვეწი. მოემზადონ, ოლიგარქთა რეესტრის შედგენას რომ დავიწყებთ, მოიტანონ მტკიცებულებები და არგუმენტები – მათი დამფინანსებელი ოლიგარქები რატომ შეიძლება არ მოხვდნენ იმ კრიტერიუმებში, რაც კანონპროექტით გაწერილია. ჰაერზე არ ვამბობთ, რომ მათი წარმომადგენლები ოლიგარქად უნდა იყვნენ მიჩნეულნი. ამას განსაზღვრავს უკრაინული მოდელი. ოთხიდან სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილება პირის ოლიგარქად აღიარების საფუძველს ქმნის. სათავეში ოლიგარქად კეზერაშვილი რომ ეყოლებათ, ეს ღია წყაროებით და მის მიერ გაკეთებული ჩვენებებით დასტურდება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.