ანრი ოხანაშვილი - გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ მივიღებთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 
ანრი ოხანაშვილი - გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ მივიღებთ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე 

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ ავუხსნით და გავაცნობთ გერმანელ კოლეგებს იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს, რომელიც წარვმართეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის თქმით, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება.

„გერმანიის როლი ქართული სახელმწიფოს დემოკრატიის მშენებლობაში არის ძალიან დიდი, გერმანია ისტორიულად და დღესაც მხარს უჭერდა და მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ მნიშვნელოვანი ვიზიტი გვექნება ბუნდესტაგის დეპუტატებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა გერმანიაში, შეხვდა კანცლერს და ბატონმა შოლცმა ბრიფინგზე გამოგვიცხადა ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს არის დიდი მოტივაციის მომცემი. ჩვენ, ამ დელეგაციის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ავუხსნით და გავაცნობთ იმ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს, რომელიც წარვმართეთ. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრები ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია გათვალისწინებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ მივიღებთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე.