ანრი ოხანაშვილი - გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს სურთ, გაექცნენ პასუხისმგებლობას, უნდათ, ამნისტიის პროექტი ჩავარდეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტებზე განხილვის დროს, კონკრეტულ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.
„როგორც სავალდებულო კომიტეტმა, ასევე წამყვანმა – იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ამნისტიის დაინიცირებული კანონრპოექტები, როგორც მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებული, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის. ჩვენ გვქონდა კონკრეტული შეკითხვები, კონკრეტული შენიშვნები ოპოზიციის მიერ დაინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით და ვერ მივიღეთ პასუხები.
ოპოზიციის სულისკვეთებაა, ამნისტიის დაინიცირების მთავარი არსი იყოს, რომ ერთადერთ პირზე, ნიკანორ მელიაზე გავრცელდეს ამნისტია, ანუ ისინი არიან მოტივირებულნი იმ სულისკვეთებით, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას შეეხოს. ოღონდ ნიკანორ მელიას შეეხოს და სხვა მოცემულობა არ აინტერესებთ, ეს ჩაკეტილი აქვთ დაზარალებულის თანხმობით, პოლიციელებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ავრცელებენ, თუ დაზარალებული თანახმაა. ჩვენ ვიცით წინასწარი განწყობები, რომ დაზარალებული თანახმა ვერ და არ იქნება, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა, ოპოზიციონერმა ჯგუფებმა ჯერ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, აიღეს პასუხისმგებლობა და ახლა ამ შეთანხმებიდან გასვლა სურთ, პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, მორალური პასუხისმგებლობა გადააქვთ დაზარალებულებზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულდ მიუღებელია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს, ოხანაშვილის განმარტებით, ის სრულდ ასახავს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.
„ყველა დარღვევასა და მსჯავრდებაზე უნდა მოხდეს ამნისტირება, გარდა იმ მნიშვნელოვანი წითელი ხაზისა, რომელიც დაკავშირებულია კონვენციურ დათქმასთან – თუ ვინმესთან მიმართებაში დგინდება, რომ განზრახ მძიმე დაზიანებას მიზანმიმართულად ჰქონდა ადგილი, იქნება ეს სამოქალაქო პირის მხრიდან პოლიციელთან მიმართებაში, თუ პოლიციელის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან სამოქალაქო პირთან მიმართებაში, ამნისტია ამ შემთხვევებზე არ გავრცელდება. ჩვენი არის სამართლიანი მიდგომა, სრულად პასუხობს შარლ მიშელის დოკუმენტს და ამიტომ დავუჭირეთ მხარი კანონპროექტს.
პროცედურულად ბიურომ უნდა იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელ დღის წესრიგში აისახება, გავა ეს კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე, თუ მომდევნო სხდომებზე მოგვიწევს ჩვენ ამ საკითის განხილვა. ყოველ შემთხვევაში, არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ გავიდეს უკვე პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ევროპული შეთანხმების ერთგული რჩება.
„ჩვენ ყველა პუნქტს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, შევასრულებთ, თუმცა სტრატეგიულ პარტნიორებს მოვუწოდებთ, რომ ყურადღება მიაქციონ და გაუწიონ მონიტორინგი, რამდენად შემხვედრი ნაბიჯებით ხდება კონკრეტული ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ჩვენ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიციურ ჯგუფებს სურთ, ამ პასუხისმგებლობას გაექცნენ. კონკრეტულად ამნისტიის შემთხვევაში მათ სურთ, რომ ეს პროექტი მართლაც ჩავარდეს, ეს არის მათი სულისკვეთება, შესაძლოა, არა ყველა ოპოზიციონერი საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლის, მაგრამ მათი საუბრებიდან იკვეთება, თუმცა „ქართული ოცნება“ არავის არ მისცემს ამ დოკუმენტის დარღვევის შესაძლებლობას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „გამორიცხავთ, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დაბრუნდეს? “, – ოხანაშვილის თქმით, არჩევანი მათზეა.
„როგორც სურთ, ისე გადაწყვიტონ, საბოლოოდ, მემგონი დარჩებიან ბოიკოტირებულნი მათი ამომრჩევლების მხრიდან, ტენდენცია ასეთია როგორც გამოკითხვებით, ასევე სხვადასხვა განწყობის კვლევის შედეგებით – რომ გააგრძელონ ბოიკოტირება, საბოლოოდ ამომრჩეველი გაუკეთებს მათ ბოიკოტირებას, არჩევანი მათზეა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.