ანრი ოხანაშვილი - გვექნება კონსულტაციები ჯერ გუნდში, შემდეგ - პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა დავაახლოოთ პოზიციები და ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გვექნება შესაძლებლობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს მოვუსმინოთ. პრაქტიკულად, დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან საკომიტეტო მოსმენის ბოლო დღეა. მოგვიწევს, დავასრულოთ მოსმენები, ხოლო ამის შემდგომ გვექნება კონსულტაციები ჯერ გუნდში და შემდეგ – პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა შევძლოთ და დავაახლოოთ პოზიციები, რათა ყველამ ერთად მოვაგროვოთ 90 ხმა და ამ 90 ხმით ავირჩიოთ შესაბამისი წევრები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, კენჭისყრის პროცედურები, სავარაუდოდ, ამ კვირაში ჩატარდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაისვას ყველა ის შეკითხვა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ პასუხები და ამით შევიქმნათ სრული წარმოდგენა თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, თვალყური მიადევნოს პირდაპირ ეთერში საკომიტეტო სხდომას და თითოეული კანდიდატის მოსმენას. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ იმ კრიტერიუმებით, როგორებიც არის დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, ვინაიდან ამ კრიტერიუმებით უნდა ხელმძღვანელობდეს საბჭოს არამოსამართლე წევრი, ის უნდა ასრულებდეს კეთილსინდისიერად, კვალიფიციურად მასზე დაკისრებულ, ძალიან მნიშვნელოვან მოვალეობებს. ვგეგმავთ, ამ კვირაში ჩავატაროთ კენჭისყრები. გვჭირდება რამდენიმე დღე, რომ, პირველ რიგში, გუნდის შიგნით გვქონდეს კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან. მოსმენების დასრულების შემდეგ, თითოეული კანდიდატის შესახებ გვექნება სრული სურათი და ეს დაგვეხმარება კონსულტაციებში. ამ კვირაში ვგეგმავთ კენჭისყრის პროცედურებს და ეს საკითხი უკვე პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
კითხვას იმის შესახებ, ხედავს თუ არა პრობლემას, რომ კანდიდატები ე.წ. გავლენიან ჯგუფზე საუბრობენ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „ეს ზოგადი შეფასებები ბევრს არაფერს ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ჩანს, ზოგიერთ დაინტერესებულ პირს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი“.
„ამას ჩემი ახსნა არ სჭირდება. ყველამ კარგად იცის, რომ საბჭო კოლეგიური ორგანოა, რომელიც შედგება მოსამართლე და არამოსამართლე წევრებისგან. კამერების წინ როდესაც პასუხს ვინმე არ სთხოვს, საუბარი ადვილია ზოგიერთი დაინტერესებული პირისთვის, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვებს, რამდენად მიუკერძოებლები არიან ისინი შეფასებებში, რამდენად ობიექტურად აფასებენ კონკრეტულ მოცემულობას, იქ უკვე პასუხებიდან იკვეთება მათი მიუკერძოებლობა. ამას საზოგადოება აფასებს და ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა, დასკვნები და შეფასებები გავაკეთოთ. ეს ზოგადი შეფასებები ბევრს არაფერს ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ, როგორც ჩანს, ზოგიერთ დაინტერესებულ პირს აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. გვაქვს შესაძლებლობა, მათ შორის იმ ადამიანებისგან, ვინც კონკრეტულ საკითხებს სვამენ, მოვისმინოთ მტკიცებულები, არგუმენტები და გამოჩნდება მათი სანდოობაც“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.