ანრი ოხანაშვილი - გვჭირდება პოლიტიკური შეთანხმება, რათა ავირჩიოთ სახალხო დამცველი, პოლიტიკურ ოპონენტებს თუ სურთ თავანთი ინტერესების გამტარებელი კანდიდატი, შეთანხმებას ვერ მივაღწევთ
ანრი ოხანაშვილი - გვჭირდება პოლიტიკური შეთანხმება, რათა ავირჩიოთ სახალხო დამცველი, პოლიტიკურ ოპონენტებს თუ სურთ თავანთი ინტერესების გამტარებელი კანდიდატი, შეთანხმებას ვერ მივაღწევთ

ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური შეთანხმება, რათა მოვახდინოთ სახალხო დამცველის არჩევა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური ოპონენტებს თუ სურთ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ, შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

„სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართა. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, კანდიდატებისთვის დაესვა შეკითხვები, მოესმინა მათი ხედვები. ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური შეთანხმება, რათა მოვახდინოთ სახალხო დამცველის არჩევა. მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია ამას ვერ შეძლებს, ამისთვის დავიწყეთ პოლიტიკური კონსულტაციები. „ქართული ოცნების“ გუნდი სახალხო დამცველის არჩევასთან მიმართებაში ხელმძღვანელობს რამდენიმე კრიტერიუმით, ესენია: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა და კვალიფიციურობა. ჩვენ გვსურს, ავირჩიოთ სახალხო დამცველი, რომელიც ორიენტირებული იქნება თითოეული მოქალაქის ინტერესის დაცვაზე, არავის მიმართ იქნება მიკერძოებული, იქნება დამოუკიდებელი და ყველას ინტერესს დაიცავს თანაბრად, თანასწორად. პოლიტიკური ოპონენტები თუ ამ კრიტერიუმით იხელმძღვანელებენ, ჩვენ შევთანხმდებით, თუ იხელმძღვანელებენ იმით, რომ მათ სურთ, აირჩიონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი, რომელიც იქნება არადამოუკიდებელი და მიკერძოებელი, ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.