ანრი ოხანაშვილი - „გირგვლიანის შესწორებების“ მიზანი არის სისტემური დანაშაულის პრევენცია
ანრი ოხანაშვილი - „გირგვლიანის შესწორებების“ მიზანი არის სისტემური დანაშაულის პრევენცია

ე.წ. გირგვლიანის შესწორებების უმთავრესი ამოცანაა, ჩვენი საზოგადოება სისტემური დანაშაულის ობიექტი არასდროს იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიცირება ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმე კვირის წინ მოახდინა და მისი მიზანი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანაა.

​„კანონპროექტის ამოცანაა, შევქმნათ ძალიან მყარი გარანტიები ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ამ ცვლილებებით, სამომავლოდ, მნიშვნელოვანწილად მოხდება სისტემური დანაშაულის პრევენცია. წესით, ასეთი სისტემური დანაშაული აღარ უნდა მოხდეს, მითუმეტეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში, თუმცა ჩვენ ვაზღვევთ ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას იმ მავნე პრაქტიკისგან, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით მოვახდენთ სისტემური დანაშაულის პრევენციას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში „გირგვლიანის შესწორებების“ თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები უკვე ინიცირებულია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.