ანრი ოხანაშვილი - გიგა ბოკერია სასამართლო სისტემას და არასამთავრობოების ინტერესებს რომ იცავს, ახალი მოვლენა, აბსურდი და ნონსენსია
გიგა ბოკერია სასამართლო სისტემას და არასამთავრობოების ინტერესებს რომ იცავს, ახალი მოვლენა, აბსურდი და ნონსენსია, – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პროტესტი ტაშითა და შეძახილებით გამოხატეს.
„უკაცრავად, რა შეძახილებია? ცოტა თავი გააკონტროლეთ ძალიან გთხოვთ და გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. თუ ვინმეს იმისი უნარი არა გაქვთ, აქ შეძახილებისა და ტაშების გარეშე ისხდეთ, მაშინ გაბრძანდით და იქ დაუკარით, სადაც შეგიძლიათ ტაშიც და შეძახილებიც. არ არის სწორი საქციელი.
ბატონი გიგა ბოკერია არასამთავრობოების ინტერესებს რომ იცავს, ეს კიდევ ახალი მოვლენაა. ბატონ გიგას რომ გაეღვიძა დღეს და სასამართლო სისტემის დამცავია, ეს არის აბსურდი და ნონსენსი.
თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ სასამართლო სისტემის დაცვაზე გვესაუბროთ. კარგით, დამშვიდდით, დაწყნარდით. ვიცი, რომ თქვენ გინდათ, ეს პროცესი გაიწელოს. რა თქმა უნდა, საზოგადოებამ რომ იცოდეს, თქვენ შინაარსობრივი საკითხები არ გაქვთ და თუ გაქვთ, დავსხდეთ, გამოვალ აქ ტრიბუნასთან, ვისაუბროთ და გამოჩნდება, რა არგუმენტები გაქვთ და როგორი წონადია თქვენი არგუმენტები. საზოგადოება გადაწყვეტს მერე ამას და მოდი, ნუ გაურბიხართ ამ დებატს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
რაც შეეხება დავით მათიკაშვილს, მან გიგა ბოკერიას მიმართა, ოსტაპ ბენდერს ნუ დაემსგავსება, რომელსაც მცდარად ჰგონია, რომ ხალხს ცინიზმი მოსწონს.
„ხალხს ცინიზმი არ მოსწონს, განსაკუთრებით თქვენგან. თქვენ ესპანელი ფაშისტების სიმბოლიკას შეუერთდით. „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ რა სიმბოლიკაც აირჩია, რომ ნახოთ ისტორიულად, ზუსტად ეგ სიმბოლიკაა“, – მიმართა მათიკაშვილმა გიგა ბოკერიას.
მათიკაშვილის ეს განცხადება კი მოჰყვა გიგა ბოკერიას შემდეგ გამოსვლას:
„ვენეციის კომისიის დასკვნა რომ მოვა, შესაძლოა თქვენ თქვენი პოზიცია რაიმეზე შეიცვალოთ? მიპასუხეთ, კი თუ არა? ახლა გიჭირთ, თუ თქვენს თავმოყვარეობაზე ვმოქმედებ? რატომ აღელდით ასე?“, – აღნიშნა ბოკერიამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ორი კვირით გადადოს.