ანრი ოხანაშვილი - ბუნდესტაგი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს არ არის ლიტონი სიტყვები, გამოიხატება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებში
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გერმანიაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის პოლიტიკოსებს შეხვდნენ.
მისივე თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.
„ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხვდით ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს გერმანიის ბუნდესტაგის მრავალპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერა. გერმანიის ბუნდესტაგი სწორედ მრავალპარტიულად უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნისთვის. ამიტომ, რა თქმა უნდა, მადლიერი ვართ, როდესაც ასეთი მრავალპარტიული მხარდაჭერის იმედი და მოლოდინი გვაქვს. ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს უნდა გამოიხატოს და გამოიხატება სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებში.
რაც მთავარია, გერმანელი პოლიტიკოსებისთვის საქართველოში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის საკამათო თემები არ არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებსაც დგამს საქართველო. გერმანელმა პოლიტიკოსებმა ძალიან კარგად იციან ის ნაბიჯები, რაც საქართველომ გადადგა პოლიტიკური პარტიების განვითარების, დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ისინი აფასებენ წვლილს, რასაც საქართველო აკეთებს საერთო ევროპული ღირებულებების კონტექსტში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.