ანრი ოხანაშვილი - გარკვეული ახალი გარემოებები ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შსს-საც აქვს
ანრი ოხანაშვილი - გარკვეული ახალი გარემოებები ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შსს-საც აქვს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე გამოიკვეთა გარემოება, რომელიც ვფიქრობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საინტერესო უნდა იყოს, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც სამი არასრულწლოვანი გამოიკითხა.

ოხანაშვილის თქმით, კომისია ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მიაწვდის და რეაგირებას დაელოდება.

როგორც მან აღნიშნა, საქმეზე ახალი გარემოება ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვების შედეგად გამოიკვეთა.

„ჩვენ ინტენსიურად ვაწარმოებთ გამოკითხვებს. ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი პირი გამოვკითხეთ,  მათ შორის არასრულწლოვანი, სრულწლოვანი, თვითმხილველები, პირები, ვინც რაიმე სახის ინფორმაციას ფლობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შედეგად კი, გამოიკვეთა გარემოება, რომელიც ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ამის შესახებ ჩვენ შსს-ს მივაწვდით ინფორმაციას და შემდგომ დაველოდებით რეაგირებას“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, შსს ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე და გარკვეული ახალი გარემოება მათაც გამოკვეთეს.

„ჩვენ ვიცით, რომ შსს ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა ვერსიაზე და ვიცით, რომ მათაც აქვთ გარკვეული სახის გარემოებები, რომელიც მათ გამოკვეთეს. ვნახოთ, საუბარია ერთსა და იმავე, თუ სხვადასხვა ტიპის გარემოებებზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა.