ანრი ოხანაშვილი - განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება ჩემთვის მიუღებელია
განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირის შეწყალება ჩემთვის არ არის მისაღები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საჭიროა უკეთესი კოორდინაცია, რათა არ დადგეს ის შედეგი, როდესაც განხრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეიწყალონ.
„იმისთვის, რომ ქვეყანაში ერთიანი სისხლის სამართლის პოლიტიკა განხორციელდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ორგანოში იყოს ერთიანი სტანდარტი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომ კოორდინაცია იყოს უკეთესი და არ მივიღოთ შედეგი, როდესაც განხრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიძლება, შეწყალებული იყოს. ამ მიმართულებით არის სამუშაო. იმედი მაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩაერთვება. მათ აქვთ სურვილი, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და ძალიან მალე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რათა მსგავსი შედეგები არ დადგეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.