ანრი ოხანაშვილი - გამოკითხვისას ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტიზისთვის აღებული კანის ნიმუშები სათანადოდ ინახება და კვლევისთვის ვარგისია
დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოკითხულმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ექსპერტიზის მიზნით აღებული კანის პრეპარატების ნიმუშები სათანადო პირობებში ინახება და შემდეგი კვლევისთვის ვარგისია, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის სხდომის შემდეგ, კომისიის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მან ჟურნალისტებთან დღევანდელი გამოკითხვის შედეგებზე ისაუბრა. კომისიამ დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ახსნა-განმარტებები მოისმინა.
„საუბარი იყო იმაზე, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის სხეულიდან აღებული კანის ნიმუშები, შესაძლოა, ისე ყოფილიყო შენახული, რომ შემდეგი კვლევისთვის ვარგისი არ იყოს. ამაზე საზოგადოებაში იყო საუბარი. ეს საკითხი ექსპერტებს რამდენჯერმე დავაზუსტებინეთ. მართალია, დღეს გამოკითხულ ექსპერტებს, უშუალოდ არ ეხებათ, თუმცა, თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე გვითხრეს, რომ გამორიცხულია კანის პრეპარატის შენახვა მოხდეს ისე, რომ არ იყოს კვლევისთვის ვარგისი, ვინაიდან შენახვა ხდება სპეციალურ ხსნარში, რომელიც ხელს უწყობს პრეპარატის პირვანდელი სახით შენარჩუნებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია, თითქოს, აღებული ნიმუშის შენახვა სათანადოდ არ მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კანის პრეპარატების შენახვა სპეციალურ ხსნარში ზედმიწევნით სწორად მოხდა, რაც მის გაფუჭებას გამორიცხავს. დასკვნა – აღებული პრეპარატები შემდგომი კვლევისთვის ვარგისი უნდა იყოს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კომისიის წევრის, დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ექსპერტებისგან სხეულზე ჭრილობებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ექსპერტებს დღეს დახურულ სხდომაზე მოუსმინეს.