ანრი ოხანაშვილი - გამოძიებას შესაბამისი ვადა უნდა მიეცეს, რათა შედეგებამდე მივიდეს, თუ დავინახავთ, რომ საჭიროა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება, განვიხილავთ, რა ფორმით შეიძლება, ამოქმედდეს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ კონკრეტულ საქმეზე გამოძიებას შესაბამისი ვადა უნდა მიეცეს, რათა შედეგებამდე მივიდეს.
მისივე თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თუ გამოჩნდება, რომ საჭიროა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება, განიხილავენ, რა ფორმით შეიძლება, რომ ეს ინსტრუმენტი ამოქმედდეს.
„სახალხო დამცველი რა პოზიციას დაიკავებს და როგორ შეფასებას გააკეთებს, რამდენად ობიექტური იქნება მისი შეფასება, ამას საზოგადოება განსჯის და ეს აისახება შესაბამისი ინსტიტუტის რეპუტაციაზე, რამდენად ობიექტურია. მას სრული უფლება აქვს, ის პოზიცია ჰქონდეს, რაც აქვს და რასაც არ ვიზიარებ, რადგან მაქვს ჩემი არგუმენტები – ყველა ქვეყანაში გამოძიებას შესაბამისი ვადა უნდა მიეცეს, რომ კონკრეტულ შედეგებამდე მივიდეს.
საგამოძიებო მოქმედებებს ველოდებით, რომ შესაბამის დონემდე მივიდეს. თუ დავინახავთ, რომ არ არის საკმარისი დალოდება და საჭიროა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენება, განვიხილავთ, რა ფორმით შეიძლება, ეს ინსტრუმენტები ამოქმედდეს – კონკრეტული თანამდებობის პირების მოწვევით და საკითხის განხილვით, თუ სხვა ინსტრუმენტებით.
ჩვენ არ ვკეკლუცობთ კამერების წინაშე, რომ ვინმე დაიბაროთ და ვთქვათ, რომ შესაბამისი ინფორმაცია ვერ მოგვაწოდა. ინფორმაციის გაჟღერებამ შესაძლოა, საგამოძიებო მოქმედებები შეაფერხოს. მოსვლას კონკრეტული დატვირთვა უნდა ჰქონდეს, რომ კონკრეტული ინფორმაცია მივიღოთ. თუ სამსახურის ხელმძღვანელი შეზღდული იქნება, რადგან შეიძლება ამან შეაფერხოს გამოძიება, რა თქმა უნდა, ასეთ მოსვლას აზრი არ ექნება და მოსვლა მოსვლად ჩაითვლება, თუმცა ოპოზიციის „დასწრებაც„ გახსოვთ, როცა ისინი პრაქტიკულად სუს-ის ხელმძღვანელის გამოსვლას არ ესწრებოდნენ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა.