ანრი ოხანაშვილი - ფარული საგამოძიებო მოქმედებები ლოგიკურია, როცა სახელმწიფო ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროს ებრძვის
ანრი ოხანაშვილი - ფარული საგამოძიებო მოქმედებები ლოგიკურია, როცა სახელმწიფო ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროს ებრძვის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროს ებრძვის და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება აუცილებელია.

ჟურნალისტებთან საუბარში ოხანაშვილი თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ საქართველოში 2017-2019 წლებში ფარული მიყურადების რეგულირებისა და პრაქტიკის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, „სისხლის სამართლის კოდექსში” მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა ქურდული მენტალიტეტისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით სისხლის სამართლის პოლიტიკა გამკაცრდა. მისი თქმით, შესაძლებელია, ფარული მოქმედებების მატება განპირობებული იმით იყოს, რომ ამ სახის დანაშაულთან ბრძოლა გამკაცრდა.

„ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დროს საგამოძიებო მოქმედებების გამოყენება აუცილებელია. როცა სახელმწიფო გადაწყვეტს, ორგანიზებულ დანაშაულსა და ქურდულ სამყაროს ებრძოლოს, ლოგიკურია, რომ ფარული საგამოძიები მოქმედებები მნიშვნელოვანია ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობისთვის.

რაც შეეხება ოპონენტების განცხადებებს, ფარულ მოქმედებებზე ილუზია მათ ექნებათ, ვინც ხელისულებაში ყოფნის დროს მსგავსი ქმედებებით იყვნენ დაკავებულები. ჩვენთვის მიუღებელია, პოლიტიკური ოპონენტების მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელება”, – განაცხადა ოხანაშვილმა.