ანრი ოხანაშვილი - „ევროპულმა საქართველომ“ ფეხქვეშ გათელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია
ანრი ოხანაშვილი - „ევროპულმა საქართველომ“ ფეხქვეშ გათელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია

თქვენ ფეხქვეშ გათელეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და არაერთხელ დაარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს პარლამენტის ტრიბუნიდან.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ წევრებს თავიანთ გამოსვლებში არც ერთხელ უხსენებიათ, რომ  გ.ჯ. არის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არის პასუხისგებაში მიცემული.

„თქვენ არაერთგზის დაარღვიეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია, მაღალი ტრიბუნიდან გაიძახოდით, რომ თურმე მ.კ. ყოფილა მკვლელი, თუმცა ვერ წარმოადგინეთ ვერც ერთი მტკიცებულება მკვლელობაში მისი დადანაშაულების დადასტურებული გარემოებების შესახებ.

ფეხქვეშ გათელეთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. არც ერთხელ თქვენს გამოსვლაში არ გიხსენებიათ, რომ გ.ჯ. არის პირი, რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის არის პასუხისგებაში მიცემული. მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და იმ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც მივიღეთ, ერთი მეოთხედით შეუმცირდა სანქცია და დღეს ეს პირი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის ცხრა წლითა და ცხრა თვით იხდის სასჯელს საპატიმროში“, – განაცხადა ანრი ოხნაშვილმა.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ“ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დასკვნაში არ ჩაწერა, რომ მთავარი პროკურორი გადადგა, რადგან ეს ფაქტი უმნიშვნელოდ მიიჩნიეს.

„ეს ქრონოლოგია არც აღწერეს, იმდენად უმნიშვნელოდ მიიჩნიეს, რომ მთავარმა პროკურორმა აიღო მაღალი მორალური პასუხისმგებლობა და გადადგა, თუმცა მათ შემოგვთავაზეს მერაბიშვილის ქეისი. ეჭვების დონეზე საუბრობენ, რომ თურმე არსებობს ეჭვი, რომ შოთაძე რაიმე სახით უკავშირდება მერაბიშვილის საქმეს და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვენ უაპელაციოდ, მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე. შესაბამისად, როგორი პოლიტიკური ელფერი აქვს ამ დოკუმენტს ხედავთ, ეს არის ის დამღა, რომელიც ამ დოკუმენტს დაასვით და, რომელიც გაგყვებათ ამ საგამოძიებო კომიისის ფარგლებში.

გახარიას პასუხიმგებლობის დაყენებას ითხოვენ, რადგან გახარიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც იმ თვეში 500 საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

წულუკიანთან პირად პაექრობას გადააყოლეს ეს დოკუმენტი და ასეთი ვიწრო პარტიული ინტერესებით იხელმძღვანელეს.

მათ დასკვნაში ჩაწერეს, რომ თურმე ჩვენ კვოტები ვერ ავითვისეთ, მაშინ როცა გამოვიჩინეთ მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მათ გადავეცით მართვა, ამას საუბრობს ის ხალხი, ვინც 2007 წელს არ დაუჭირა მხარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას, არათუ ვინმეს გადასცეს კომისია, არამედ არ დაუჭირეს მხარი მთელი რიგი საგამოძიებო კომისიების შექმნას“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაასახელა ის დადგენილებები, რომელთაც ხელს აწერენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ლიდერები და, რომლებშიც უარყოფილია სხვადასხვა გახმაურებულ საქმეზე საგამოძიებო კომისიების შექმნა. მათ შორის არის სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეები.

„მათი დღეს მოქმედი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აწერს ხელს დადგენილებას, სადაც უარყოფილია საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება გახმაურებულ საქმეებზე სამართალდამცავი ორგანოების ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტების გამოსაძიებლად.

დღეს დაატარებენ ამ ბატონს და პრეზიდენტად სთავაზობენ ქართულ საზოგადოებას. აი, ეს არის თქვენი კანდიდატი, რომელიც ხელს აწერს, რომ არ არის საჭირო კომისიის შექმნა სამართალდამცავნი ორგანოების მხრიდან დანაშაულის შესაძლო ჩადენის საქმეების გამოძიებაზე.

ჩვენ კომისია შევქმენით ისეთ შემთხვევაზე, სადაც რომელიმე სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან კი არ მოხდა სამართალდარღვევა, არამედ მოხდა უბედური შემთხვევა და შევქმენით კომისია იმისთვის, რათა გამოგვერკვია ობიექტური ჭეშმარიტება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მან „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს მიმართა, ვიდრე რომელიმე მიმართულებით ხელს გაიშვერენ, დაფიქრდნენ თავიანთ წარსულზე და როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატს საზოგადოებას წარუდგენენ, იქვე შეახსენონ ხალხს, რომელი კომისიების შექმნას არ დაუჭირეს მხარი.