ანრი ოხანაშვილი - „ევროპული საქართველო“ სერიოზულობის ფარგლებს გასცდა
„ევროპული საქართველო“ გასცდა სერიოზულობის, რაციონალურობის ფარგლებს და მანიპულირებენ, რომ რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ანრი ოხანაშვილმა კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნაზე, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხზე საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
„მგონია, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთებას ამასთან დაკავშირებით უკვე თავი უნდა დავანებოთ. მართლა ყოველგვარ ზღვარს სცდება და აღნიშნულს სერიოზულობით ვეღარ მოვეკიდებით. ალბათ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, დავაინიციროთ პროექტი ოპოზიიციის, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ რაციონალურობის შესწავლასთან დაკავშირებით, რადგან ეს ხალხი მგონია, რომ პარლამენტში არ გრძნობს თავს, ეს ხალხი უკვე გასცდა სერიოზულობის, რაციონალურობის ფარგლებს და ერთადერთი, რითიც მანიპულირებენ, დღის წესრიგის შექმნაა, რომ რაიმე ფორმით დღის წესრიგში იყვნენ, მათთან დაკავშირებით ჩვენ შეკითხვები დაგვისვათ, შემდეგ გიპასუხოთ და ა.შ.“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ამასთან, ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთ მოთხოვნაზე, მეუფე იაკობის განცხადებებთან დაკავშირებით შეიქმნას საგამოძიებო კომისია, აღნიშნა, რომ მათ მიერ შეთავაზებული იდეები არარაციონალურია.
„კანონშემოქმედებით საქმიანობაში, რაიმე რაციონალური იდეების შემოთავაზებაში ისინი არ არიან ჩართული, ერთადერთი, რაც აფიქრებთ, მათ ირგვლივ დღის წესრიგის შექმნაა. ხვდებიან, რომ მათ მიმართ საზოგადოების არანაირი პიზიტიური განწყობა არ არსებობს, ალბათ ნულს ქვემოთ რეიტინგი აქვთ“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.