ანრი ოხანაშვილი - ევროკომისია თუ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არ დგას და საკითხს დარეგულირება არ სჭირდება, ასეთ კანონს არ მივიღებთ
ანრი ოხანაშვილი - ევროკომისია თუ შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და იტყვის, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არ დგას და საკითხს დარეგულირება არ სჭირდება, ასეთ კანონს არ მივიღებთ

ჩვენ გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, რომელიც შეეხება ე.წ. პერსონალური მიდგომის დახვეწას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველის პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიას არ გამოურიცხავს და ეჭვქეშ არ დაუყენებია „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების შესაძლებლობა.

„ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები სწორედ იმიტომ მოგვცა, რომ თუ ე.წ. პერსონალური მიდგომით წავალთ, კონკრეტული რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული და უფლებრივი სტანდარტი იყოს დაცული. გაუგებარია, ვენეციის კომისია რატომ გასცემდა რეკომენდაციებს ინდივიდუალურ მიდგომაზე, თუ დაუშვებლად მიიჩნია უფლებრივი თუ სხვა სამართლებრივი არგუმენტებიდან გამომდინარე ასეთი კანონის მიღება. ეს არ არის რაიმე ახალი საკითხი. ეს საკითხი ვენეციის კომისიამ თავისავე დასკვნაში დასვა და თუ ეს ყველაფერი იქით მიდის, რომ ევროკომისიამ გვითხრას, ხომ არ გადავხედოთ მათსავე გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არ დგას და ეს საკითხი დარეგულირებას არ საჭიროებს, თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ასეთ კანონს არ მივიღებთ. ამიტომ ევროპის საბჭოს მომხსენებლები ვერ ჩაანაცვლებენ ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროკომისია თუ იტყვის, რომ ეს საკითხი დარეგულირებას კანონის დონეზე არ საჭიროებს, რა თქმა უნდა, ამ მიდგომას გავითვალისწინებთ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.